საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის აზრით, ავტორიზაციის ახალი სისტემა მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლას არათუ გაურთულებს, არამედ გაუადვილებს.
როგორც მახარობლიშვილმა განაცხადა, წინასწარი ავტორიზაციის გავლა შეამცირებს საზღვრიდან უკან გამობრუნების ალბათობას. მინისტრის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ გააიგივებენ ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) ვიზის დაბრუნებასთან.
„ეს ნამდვილად არ გაართულებს შენგენის ზონაში მოგზაურობას, გარკვეულწილად, ალბათ, გაადვილებს კიდევაც, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომარეობით თუ შესაძლოა მოქალაქეს საზღვარზე შექმნოდა პრობლემა უკან გამობრუნების კუთხით, ამ აპლიკაციის შევსების შემდეგ ეს ალბათობა კიდევ უფრო შემცირდება. შესაბამისად, დაიზოგება თანხაც და დროც. მე მგონი, არ უნდა შევხედოთ ამას კრიტიკული ფორმით. ევროკავშირი უბრალოდ ცდილობს, გააძლიეროს თავისი შიდა უსაფრთხოება და მსგავს ზომას ღებულობს, რაც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი ხანია აქვს. ევროკავშირის მოქალაქე როცა მიემგზავრება ამერიკაში, მას არ მოეთხოვება ვიზა, მაგრამ ინტერნეტში ისიც ავსებს რამდენიმე გვერდიან კითხვარს და ელოდება პასუხს. ამიტომ, მე მოვუწოდებდი საზოგადოებას, ნუ გააიგივებენ ამას ვიზის დაბრუნებასთან. ეს არ არის ვიზა, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატია და ბევრად უფრო ნაკლები მოთხოვნები. უბრალო კითხვარსაც არ დავარქმევდი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხს მაინც უნდა დაველოდოთ, მაგრამ ეს არ არის ვიზის აღება ან რამე მსგავსი“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ახალი რეგულაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება კონსულტაციები. ამ ეტაპზე, ევროკავშირს მიზნად აქვს დასახული, რომ ETIAS 2020 წლიდან შემოიღოს, თუმცა ეს ჯერ ფაქტი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.
ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის - 10 ევროს გადახდას. აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევრები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფლები არიან.
საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმედდება.