გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, ინვესტორი არა კომპანია "ცენტრ პოინტს" არამედ მის პასივებსა და აქტივებს ყიდულობს.
ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" საქმეზე, ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთ თვეში უკვე ყველაფერი დასრულდება. რჩეულიშვილი ვარაუდობს, რომ დაზარალებულებთან ხელშეკრულებები სწორედ ამ პერიოდში გაფორმდება.
"როგორც იცით, მიდის მუშაობა "ცენტრ პოინტის“ აქტივების და ვალდებულებების გასხვისებაზე. ეს არ არის კომპანიის როგორც შპს-ს გასხვისება, არამედ ეს არის მისი აქტივების და პასივების გასხვისება. რადგან მიმდინარეობს ყოველდღიური მოლაპარაკება შუამავალ და შემსყიდველ კომპანიებთან, ჩვენ მოვითხოვეთ დრო და სასამართლო პროცესის გადადება, რადგანაც მოლაპარაკებების შედეგი პირდაპირ იმოქმედებს ჩემი ჩვენების ფორმაზე. 5 ეტაპად გვქონდა გადაბარების პროცესი დაგეგმილი, პირველი ეტაპი გადალახულია, დარჩა რამდენიმე ეტაპი, რაზეც დაახლოებით რამდენიმე კვირა დაგვჭირდება, რომ დეტალები შედარდეს და დაიდოს ხელშეკრულება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.