ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ პრიტჩარდის განცხადებით, ბრიტანეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით დაინტერესებულია.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ პრიტჩარდის გაცხადებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავრობებისათვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
“კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად წარმატების მიღწევა, ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს“, – ამის შესახებ მაიკლ პრიტჩარდმა, ლონდონში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მაიკლ პრიტჩარდის შეფასებით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულია.
„გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაინტერესებულია ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვის და საცალო ვაჭრობის სფეროებით, ასევე საინტერესოა საფინანსო, საბანკო და საპენსიო სერვისები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით მანსონ ჰაუსში, ლონდონის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და როცა ვსაუბრობთ პენსიებზე, ბანკებსა და ფინანსურ მომსახურებაზე გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს ამ მიმართულებებით“, – განაცხადა პრიტჩარდმა.
საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით გამართული ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.