“ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან კობერიძე ეროვნულ ბანკს მიმართავს ლარის გაუფასურების თაობაზე მოსახლეობისათვის განცხადება გააკეთოს და განმარტოს, თუ რატომ მოხდა ორ დღეში ლარის კურსის 4 პუნქტით გაუარესება.
როგორც კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით რაიმე ისეთი ცვლილება არ მომხდარა, რასაც შეიძლება ლარის კურსის გაუარესება გამოეწვია.
“მესმის, რომ არის და უნდა იყოს მცურავი კურსი. მაგრამ ეროვნული ბანკი მოკლევადიან რყევასთან დაკავშირებით ვალდებულია ჩაერიოს და განმარტება გააკეთოს თუ რა ხდება. მოსახლეობას შეიძლება შეექმნას იმდაგვარი განცდა, რომ არჩევნები დამთავრდა და ლარი უფასურდება”, - განაცხადა კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე.