ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „თბილისობა 2017“ გაიმართა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, „თბილისობა 2017“ საქველმოქმედო ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტი, შეჯიბრი ჭიდაობაში, ასევე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული სამზარეულო დაეგემოვნებინათ და ყურძნის დაწურვაში მიეღოთ მონაწილეობა.
ლონდონში გამართულ „თბილისობას“ ესწრებოდნენ როგორც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები, ასევე მათი ბრიტანელი მეგობრებიც.
”მოხარული ვარ, რომ ვესწრები „თბილისობის“ ღონისძიების ზეიმს ლონდონში, ქართულ ეკლესიაში და გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო მეუფე ზენონს, ჩვენს უძვირფასეს მამა დოროთეს და ყველა მხარდამჭერს, რომელმაც ბევრი იმუშავა, რომ ამ ქალაქში ”თბილისობის“ აღნიშვნა ტრადიციად ექცია. ამ ტაძარმა ძალიან ბევრი გააკეთა, პატარა საქართველო შემოიკრიბა თავის გარშემო და ჩვენი საელჩოც ყოველთვის მათ გვერდითაა. „თბილისობის“ დღესასწაულს ძალიან ბევრი ბრიტანელი მეგობარიც ესწრება და ეს კარგი საშუალებაა ურთიერთობების, ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის გაზიარების“,- განაცხადა საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ლონდონში ქართული ტაძრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „თბილისობა 2017“ -ს დაესწრო.
ლონდონში, ქართული ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დოროთემ მადლობა გადაუხადა „თბილისობაზე“ მისულ სტუმრებს, ორგანიზატორებს გაწეული საქმისთვის და საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.