მშენებლობებთან დაკავშირებით მოგვიწევს ცოტა რთული გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ თბილისის არჩეული მერის, კახა კალაძის გუნდის წევრმა, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.
ხმალაძის ინფორმაციით, კალაძის გუნდს გეგმაში აქვს კომუნიკაცია სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან.
”რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ჩვენ მოგვიწევს ცოტა რთული გადაწყვეტილებების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალობას ვერ შევცვლით. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან, ვინაიდან უკვე დაწყებულ პროცესში ძალიან რთულია და შეიძლება სამართლებრივ სირთულეებსაც წავაწყდეთ, მაგრამ ოქროს შუალედებში გავლა უნდა შევძლოთ, რომ პროცესები სხვა მიმართულებით წავიყვანოთ. მომდევნო წლების განმავლობაში ის მშენებლობები, რომელიც განხორციელდება, შესაბამისობაში იყოს ქალაქის ინტერესებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მივუშვით იგივე დინებით, როგორც დაიგეგმა თუნდაც ერთი წლის წინ, ვერაფერს შევცვლით. მეც და ქალბატონი მაია ბითაძეც არც ერთ საათს არ ვკარგავთ, ვმსჯელობთ მუდმივად ძირითადად ამ საკითხზე, როგორი გამოსავალი შეიძლება იყოს გამოყენებული”, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებს მათი პრობლემებით დაინტერესების პირობა მისცა. ”ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით ასეთი პრობლემებით”, - აღნიშნა ხმალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის მოადგილე იქნება.