ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ლარის გაუფასურების მოწმე კიდევ ერთხელ გახდა: ზუსტად ორი თვის წინ, 24 აგვისტოს, 1 დოლარი 2,3946 ლარი ღირდა, 25 აგვისტოს ლარი 2 პუნქტით გაუფასურდა და მისი კურსი 2,4169 გახდა.
ამის შემდეგ ეროვნული ვალუტა ლამის ყოველდღიურად უფასურდებოდა და დღეს მისი კურსი უკვე 2,5206-ია. ბუნებრივია, ამ პროცესით უკმაყოფილოა მოსახლეობა და უკმაყოფილოა ბიზნესი, რომელიც კურსის მერყეობით კიდევ ერთხელ დაზარალდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებით მხოლოდ საბანკო სისტემა დარჩა მოგებული. მათ შორის არის ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე:
-საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეკონომიკის წურბელებად გადაიქცნენ: სწორედ კომერციული ბანკები განსაზღვრავენ თამაშის წესებს და ეროვნული ბანკიც მათი ინტერესების გამტარებელია - ის მათ პოლიტიკას კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ახალისებს და ხელს უწყობს. ახლა ის პერიოდია, როდესაც ბანკებმა მათ მიერ მოზიდული თანხის საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადონ. როდესაც ჩვენ გვიხარია, რომ საბანკო სისტემის მოგება მატულობს, ამ მოგების სოლიდური ნაწილი საზღვარგარეთ გაედინება. ნაკისრი ვალდებულებების გასტუმრება მათ წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ეს არ არის ისეთი კატასტროფული თანხა, რომ ვალუტის კურსის მწვავე ცვლილება გამოეწვია.
ანალიტიკოსის შეფასებით, დევალვაციის ერთ-ერთი ყველაზე სავალალო მიზეზი არის ის, რომ კომერციული ბანკებით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, თავისი დანაზოგი ყველას უცხოურ ვალუტაში გადააქვს:
ვაჟა კაპანაძე - ლარს დაგროვების ფუნქცია დაკარგული აქვს და ეს მის სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც ფულს კომერციულ ბანკების დეპოზიტებზე დებს. უცნაურია, როცა სამინისტროს დეპოზიტებზე თანხა აქვს და ამ დროს თანხის მოსაზიდად სახაზინო ვალდებულებებს ყიდის - ეს აბსურდის თეატრს ემსგავსება. ასევე უცნაურია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ფუნქციების შესრულება დაიწყო, რაც მისი საქმე ნამდვილად არ არის. ფინანსთა სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ შემოსულ თანხას მიმართულება მისცეს და სწორად დახარჯოს, მას კი მიაქვს და ბანკში დებს - რა ჰქვია ამას? ყველა ამ ფაქტორმა ერთად მოიყარა თავი, თუმცა კურსის მერყეობის მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ინტერესებს ემორჩილება. შედეგად, საბანკო სისტემა მოგებული რჩება, ბიზნესი და უბრალო მოქალაქეები კი - მუდმივად ზარალდებიან. ლარის კურსის მერყეობის გამოყენებით კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდი „ამოქაჩეს“ კერძო სტრუქტურებიდან და მოსახლეობიდან. კურსი რომ სტაბილური ყოფილიყო, ეს თანხა ჩვენს ეკონომიკას წაადგებოდა.
„რა თქმა უნდა, ლარის კურსზე ხელოვნური შეზღუდვები ვერ დაწესდება, ქვეყანაში მცურავი კურსი უნდა არსებობდეს, მაგრამ მოულოდნელი რყევები მოსახლეობასაც აზიანებს და ლარის იმიჯსაც“ - აცხადებს ვაჟა კაპანაძე:
-ეროვნულ ბანკს უამრავი ბერკეტი აქვს, რომ კურსი მართოს, მაგრამ მისი წარმომადგენლები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ლარის კურსზე პასუხისმგებელი არ არის, რომ ის პასუხს მარტო ინფლაციაზე აგებს... საბოლოო ჯამში ეროვნული ვალუტა აბსოლუტურად უპატრონოდ დატოვეს, რადგან არც ერთი უწყება არ აგებს პასუხს ვალუტის კურსზე საქართველოში. საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ ვალუტის კურსის თამაშით სერიოზული ფული კეთდება. ამ თამაშით მოგებული რჩებიან მხოლოდ ის კომერციული ბანკები, რომლებიც კურსს განსაზღვრავენ. ეჭვი მაქვს, რომ ამ დროს კარტელურ გარიგებებსაც აქვს ადგილი. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ეროვნული ბანკი ოლიმპიური სიმშვიდით უყურებს. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამ გულგრილობით ეროვნულ ვალუტას ძირს უთხრიან?!
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილი კი მიიჩნევს, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურებისთვის ობიექტური ფაქტორები არ არსებობდა:
მიხეილ თოქმაჯიშვილი - ის, რაც ლარის კურსს საკმაოდ მოკლე პერიოდში დაემართა, ობიექტური მიზეზებით განპირობებული სულაც არ ყოფილა. არც დოლარი გამყარებულა და არც მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილა უარესობისკენ. როცა წინაპირობა არ არის და კურსი მაინც მკვეთრად იცვლება, ეს უკვე სუბიექტური ფაქტორების ბრალია. როდესაც მიმოქცევაში ფულის მასა იზრდება, ეს აუცილებლად იწვევს კურსის ცვლილებას, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი რამ მოხდა და ჩვენ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს - ეროვნული ვალუტა, რომლის კურსიც 2,40-ის ნაცვლად 2,52 გახდა. როგორც ამბობენ, ბანკების დეპოზიტებზე დიდი რაოდენობით თანხა დაილექა. ალბათ ეს ფული კომერციულმა ბანკებმა დოლარში გადაიყვანეს. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს თანხა ფინანსთა სამინისტრომ მისცა კომერციულ ბანკებს. გავრცელებული ინფორმაციით, ასეულობით მილიონი იყო და ამან უარყოფითი გავლენა იქონია ვალუტის კურსზე.
მიხეილ თოქმაჯიშვილის თქმით, კურსის ცვლილება ხშირ შემთხვევაში სასარგებლოც კია, რადგან ეს აბალანსებს და აწონასწორებს ეკონომიკას, მაგრამ ამ დონის ცვლილება სასარგებლო ვერ იქნება:
- მიუხედავად ყველაფრისა, ვალუტის კურსის ცვალებადობას ვერ შევზღუდავთ, ეს უარეს შედეგებს მოგვიტანს, მაგრამ კურსის ცვალებადობა თავისუფალი ეკონომიკის კანონებს უნდა დაემორჩილოს. ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება საბანკო სისტემას, რომელიც ტრანზაქციებს ყოველდღიურად აწარმოებს. საბანკო სისტემა ხომ საქართველოს ეკონომიკაში სერიოზულ როლს ასრულებს“ - აცხადებს მიხეილ თოქმაჯიშვილი.
ხათუნა ჩიგოგიძე