„თიბისი ბანკმა“ ხელი მოაწერა 106.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხის ხელშეკრულებებს ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან.
როგორც „თიბისი ბანკი“ იუწყება, ეს არის „თიბისი ბანკის“ გრძელვადიანი პარტნიორის, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) მიერ ორგანიზებული სინდიცირებული სესხის მეორე ხელშეკრულება. სასესხო პროდუქტი OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) ერთად სინდიცირებით შეიქმნა. ტრანზაქციის სხვა მონაწილეები ასეევ არიან: Symbiotics, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ობლიგაციების პლატფორმის საშუალებით (MSME Bond Platform) ოპერირებს; Atlantic Forfaitierungs AG; London Forfaiting Company Limited და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორები, ჯამურად 56,5 მლნ აშშ დოლარის პორტფელით.
როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) რესურსი „თიბისი ბანკს“ საშუალებას აძლევს, მეტად ჩაერთოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) დაფინანსებაში, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წილი კი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავაჭრო დაფინანსების პროექტების განხორციელებას.
“გვეამაყება, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან (FMO), ასევე ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) და სინდიკატის სხვა მონაწილეებთან. დაფინანსების მოცულობა ცალსახად მიუთითებს ჩვენი პირველი სინდიცირებული სესხის წარმატებაზე და პარტნიორობაზე. ეს დიდი მოცულობის სესხი თიბისი ბანკს დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) საინვესტიციო დირექტორმა ლინდა ბრუქჰოიზენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ FMO ამაყია, რომ გასცა ეს ინოვაციური სინდიცირებული საკრედიტო ხაზი „თიბისი ბანკისთვის“, რომლის საშუალებითაც ახალი ინვესტორები შემოვიდნენ საქართველოში. მისი თქმით, სესხი „თიბისი ბანკს“ საშუალებას მისცემს, განაგრძოს ზრდა და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში.
“ქვეყნის ფინანსური სექტორი ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის გარანტია; მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიღარიბის დაძლევისა და განვითრებისთვის. ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (OFID) იკისრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ვალდებულება. ფინანსური რესურსების განაწილება ისეთი ფინანსური შუამავლის მეშვეობით, როგორიცაა თიბისი ბანკი, ზრდის ჩვენი საქმიანობის არეალს და გავლენას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. სასესხო ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში მსოფლიო მასშტაბით”, - განაცხადა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) გენერალურმა დირექტორმა სულეიმან ჯეი ალ-ჰერბიშმა.
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) მიზანია, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მდგრადი კერძო სექტორის ხელშეწყობა. მისი საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 9 მილიარდ ევროს, რაც მას განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის ხელშეწყობაზე ორიენტურებულ ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ბანკად აქცევს.
OFID არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ 1976 წელს დაარსებული განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მიზანია ასევე განვითარებადი ქვეყნების დახმარება.