DAVID KOMA: „ვარსკვლავების შემოსვა კონკრეტულ მიზნად არასდროს დამისახავს“

"შენ ცხოვრობ, საქმიანობ და, პარალელურად, საკუთარ სურვილებს "აგზავნი" სამყაროში. შემდეგ, რაღაც მომენტში, ვარსკვლავები სათანადოდ განლაგდებიან და სამყაროც "გპასუხობს": ვიღაც გირეკავს სასურველი შემოთავაზებით და შენც თანხმდები..."

"მიხარია, მთაწმინდას რომ ვუყურებთ და ისე ვლაპარაკობთ"

იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, დიდ წარმატებას რომ მიაღწევს და იოტისოდენადაც არ იცვლება. ამიტომაც მეამაყება განსაკუთრებულად - მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერი და პარიზის ტიერი მიუგლერის სამოდელო სახლის ქალის ხაზის კრეატიული დირექტორი, ჩემი მუდამ ყურადღებიანი, თბილი და მოსიყვარულე ნათლული, 32 წლის

დევიდ კომა - დავით კომახიძე. მასთან ბოლო ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ, მიუგლერის სახლის დირექტორობამდე ჩავწერე და მას შემდეგ სალაპარაკოდ ვეღარც მოვიხელთე.

ამჯერად ერთმანეთის პირისპირ კვლავ საქართველოში აღმოვჩნდით და მართალია, ათასი რამის კითხვა მინდოდა, მხოლოდ შემოქმედებით ცხოვრებაზე, ბოლო ოთხი წლის ამბებზე, მიუგლერსა და საქართველოზე საუბარი გადავწყვიტეთ.

ნათლია და ნათული - ირმა ხარშილაძე და დევიდ კომაფოტო: ნათლია და ნათული - ირმა ხარშილაძე და დევიდ კომა

დევიდ კომა:

- 14 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი, ერთმა ჟურნალისტმა რომ მკითხა, როცა გაიზრდები, რის გაკეთებას აპირებო? ვუპასუხე, - მინდა, საკუთარი ბრენდი მქონდეს და, პარალელურად, მიუგლერის სამოდელო სახლის კრეატიული დირექტორი ვიყო-მეთქი. როდესაც ოცნება ამისრულდა, იმ ჟურნალისტმა სტატიის ფოტო გამომიგზავნა და კითხვაც მოაყოლა: ნათელმხილველი ხომ არ ხარო?

- ხანდახან ოცნებები სრულდება...

- ასეცაა, რადგან თუ რაღაც ძალიან გინდა, მიზნადაც დაისახავ და მიელტვი, დიდი შანსი გაქვს, აგიხდეს. მაგრამ ის უბრალოდ ოცნება კი არა, რეალური ოცნება, უდიდესი სურვილი უნდა იყოს, რის გარეშეც ვერ იცხოვრებ, რაც ადამიანად გაქცევს და ჰაერივით გჭირდება, ხოლო მის "შესასუნთქად" მთელ დღეს ლოგინში კი არ გაატარებ, მის მოსაპოვებლად თავს არ დაზოგავ. ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ცხოვრებაში ერთი, დიდი, შორეული და რეალური მიზანი უნდა დაისახონ, მაგრამ მეორე დღესვე კი არ უნდა ეცადონ მის მიღწევას? ყველაფერი ვიზუალურად უნდა წარმოიდგინონ და დაჰყონ შედარებით პატარა და იოლ ეტაპებად. საქმეს რომ შეუდგებიან, ნელ-ნელა იგრძნობენ, როგორ მიიწევენ იმ მთავარი მიზნისკენ...

ასე თუ არ მოიქცევი და თავიდანვე ნახტომით ეცდები მიზანთან მისვლას, მხოლოდ და მხოლოდ განიხიბლები, რადგან მიზანს ვერაფრით მიაღწევ. დღეს უკვე დიდი ვარ და შემიძლია ყველაფერი ეტაპებად და პუნქტებად ჩამოვაყალიბო, ეგებ, ვინმემ გამოიყენოს კიდეც ცხოვრების გზაზე, მაგრამ მაშინ ამ კანონზომიერების შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი. შეიძლება ინტუიციით ვხვდებოდი რაღაცას ან სხვა, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების რჩევებს ვუგდებდი ყურს, ერთი კი ფაქტია, რომ მიზანს მივაღწიე, ოღონდ მერე, თითქოს, აღარ ვიცოდი, რით გამეგრძელებინა - ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ვმუშაობდი და ვმუშაობდი, ახალი მიზნებისა და პროგრამების მოსაფიქრებლად დროც არ მქონდა. მთავარი იყო, ყველა საქმე მომესწრო, რადგან ერთდროულად ორ ქალაქს, ორ სახლსა და ორ "გუნდს" შორის ვიყავი გაბმული. ეს იოლი სულაც არ არის. ბევრს ვმოგზაურობდი და ბევრ რამეს ვსწავლობდი, ვეცნობოდი ადამიანებს და მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან ურთიერთობას.

როდესაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე აღმოვჩნდი, სხვა პასუხისმგებლობები დამეკისრა - გუნდურად სამუშაოდ ადამიანებისთვის შთაგონება და მოტივაცია უნდა მიმეცა. ეს არც მოდას უკავშირდებოდა, არც ნიჭს და არც ხელოვნებას, მას სხვა უნარი სჭირდებოდა, რასაც თავად უნდა მიაგნო. იოლი არაა, კორპორაციაშიც იმუშაო და თავისუფალ ხელოვნადაც დარჩე; შენს ხელქვეითებთან დისციპლინაც დაამყარო და შთაგონებაც მისცე; ერთდროულად, მკაცრიც იყო და ლმობიერიც, ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დავძლიე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ესეც იმ საქმისა და პროფესიის ნაწილია, რაც ავირჩიე და თუკი მინდა, იმ დონეზე ვიყო, რაც ჩავიფიქრე, შესაბამისი თვისებებიც უნდა მქონდეს, ყველაფრის თავისუფლად მართვა რომ შევძლო. ამიტომაც ვამბობ, რომ ბოლო 4 წელიწადი, ერთდროულად, მუშაობის წლებიც იყო და - სწავლისაც.

- ნუთუ ამ ეტაპზე ყველაფერი გაკმაყოფილებს?

- ყველაფერი იდეალურადაა. ერთადერთი, რაც ამ წლების განმავლობაში შედარებით რთული აღმოჩნდა, ის იყო, რომ ამდენი ვიშრომე, ყველა სამუშაო მოვასწარი, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე მოდუნება და წარმატებით ტკბობა. ასე, ხომ, ზომბად შეიძლება იქცე! თუმცა უკვე ისეთი გამოცდილება მივიღე, სამომავლოდ ამასაც დავაბალანსებ და მუშაობასთან ერთად სიამოვნებასაც მეტს მივიღებ. ვერ წარმოიდგენ, ეს რა მნიშვნელოვანია...

- სამოდელო სფეროში, თანაც - ევროპაში, დიდი კონკურენციაა. არ მიამბობ, როგორ გახდი მიუგლერის სახლის კრეატიული დირექტორი?

- კონკურენცია ნამდვილად არის, მაგრამ... ასეთ სამუშაოს ჩვეულებრივი ფორმით არ ეძებენ. შენ ცხოვრობ, საქმიანობ და, პარალელურად, საკუთარ სურვილებს "აგზავნი" სამყაროში. შემდეგ, რაღაც მომენტში, ვარსკვლავები სათანადოდ განლაგდებიან და სამყაროც "გპასუხობს": ვიღაც გირეკავს სასურველი შემოთავაზებით და შენც თანხმდები... მოკლედ, სამუშაო ტრადიციული ფორმით არასდროს მიძებნია, არ შემიდგენია რეზიუმე და არ მაქვს პორტფოლიო. უბრალოდ, ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ეს სამუშაო კი ხარისხიანი და წარმატებული იყო. მერე, რომ იტყვიან, შესაფერის ადგილას და შესაფერის მომენტში აღმოვჩნდი სწორედ მე - კონკრეტული საქმისთვის შესაფერისი ადამიანი! იხილეთ გაგრძელება