ლარიზაციის პროექტი და პოლიტიკა, რასაც ვახორციელებთ, გრძელვადიანია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"არაერთხელ მითქვამს, რომ ამ მიმართულებით არ შეიძლება ცვლილებები ძალიან მალე მოხდეს. როგორც მინიმუმ, 5 ან 10- წლიანი ჰორიზონტის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ეს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა არის. 2016 წლის ბოლოს, საბანკო სექტორში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო 71.4%, ხოლო 2017 წლის სექტემბერის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი არის 65.4%. რაც შეეხება საბანკო სექტორში სესხების დოლარიზაციას, 2016 წლის ბოლოს 65.2% იყო, 2017 წლის სექტემბერის ბოლოს - 56.5%. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციას თუ შევხედავთ საბანკო სექტორში, ის 2016 წლის ბოლოს 58.4%-დან 46.2%-მდე შემცირდა", - განაცხადა გვენეტაძემ.