როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მაგალითად, 3%-ია, ჩვენ ვგულისხმობთ ინფლაციას 3%-თან ახლოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მიმდინარე წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება, თუმცა მესამე კვარტლის განმავლობაში პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. მინდა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო. ჩვენ გვაქვს წერტილოვანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკის განხორციელების დროს ყოველთვის დავუმიზნებთ საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას. თუმცა იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან. ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ზოგჯერ უფრო მაღალი და ზოგჯერ უფრო დაბალი იქნება. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მაგალითად, 3%-ია, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-დან 3%-მდე, ანუ 3% არ არის ზღვარი. ანუ ვგულსხმობთ ინფლაციას 3 %-თან ახლოს. ამასთან, ფაქტობრივი ინფლაცია ეგზოგენური შოკების გამო ზოგჯერ 3%-ზე მაღალი, ზოგჯერ 3%-ზე დაბალი იქნება", - განაცხადა გვენეტაძემ.
2017 წელს ინფლაციის მიზნობრივი წლიური მაჩვენებელი 4%-ია, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა.