ქართული უნაკერო მილები ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ კაჩუხაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მილების საცდელი პარტია ამერიკაში ექსპორტზე სავარაუდოდ 15 ნოემბრისთვის გაიგზავნება.
„ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს - უნაკერო მილები და არმატურის წარმოება. მილები ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული ამ დროისათვის, პროდუქციის ექსპორტს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ჰოლანდიაში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში ვახორციელებთ. ამასთან, 15 ნოემბრისთვის 1 000 ტონის ოდენობით უნაკერო მილების საცდელ პარტიას გავგზავნით ამერიკაშიც, სადაც რვა ძირითადად დისტრიბუტორთან ვთანამშრომლობთ და თუ ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილეთ, 2018 წლიდან უკვე სისტემატიურად, თვეში 2-3 ათას ტონა მილის ექსპორტს განვახორციელებთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ მილების ექსპორტს თურქეთშიც, სადაც საცდელი პარტია, დაახლოებით 500 ტონა, სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარში გაიგზავნება,“-განაცხადა კაჩუხაშვილმა.
რაც შეეხება არმატურის წარმოებას, კაჩუხაშვილის თქმით, ქართულმა არმატურამ უკრაინული არმატურა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა ადგილობრივ ბაზარზე, რაც დიდი მიღწევაა. კერძოდ, მისი თქმით, თუ 2012 წელთან შედარებით დღეს უკრაინული არმატურის წილი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 20%-მდე შემცირდა, მაშინ როცა 2012-ში მთელი ბაზრის 60%-ზე მეტი ეკავა.
იხილეთ ვიდეო: PALITRANEWS-ზე