რუმინული ავიაკომპანია რუმინეთიდან ტურისტებს საქართველოში ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს

რუმინული ავიაკომპანია ,,Blue Air Airline” -ი რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პირველი ჩარტერული ფრენები 2018 წლის 3 და 10 თებერვალს განახორციელდება. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებული იყო რუმინული ტურისტული კომპანიების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყნას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

ვიზიტის დროს, რუმინელი ტუროპერატორები ადგილზე გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და შეხვედრები გამართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის განიხილეს პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებმა, როგორც ახალმა ალტერნატივამ ევროპელი ტურისტებისთვის. საპილოტე პროგრამის წარმატების შემთხვევაში, რუმინული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ჩარტერული რეისები მომავალშიც განახორციელოს და ფრენებს რეგულარულ ხასიათს მისცეს.

აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენას.