ВКонтакте-ს დამფუძნებელმა რუსეთი დატოვა  - მეგობრები მას საქართველოში ცხოვრებას ურჩევენ

დუროვმა განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.

სოციალური ქსელის ВКонтакте-ს დამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, პავლე დუროვმა რუსეთი დატოვა და ახლა ის საცხოვრებლად ახალ ქვეყანას ეძებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. ევროპაში ემიგრირებული დუროვი, თავის მეგობრებს სთხოვს, დაუსახელონ ქვეყანა, რომელიც შეესაბამება ნორმალური ცხოვრების შესახებ მის გაგებას.

"არ მოგვწონს ბიუროკრატია, პოლიციური სახელმწიფო, დიდი ხელისუფლება, ომი, სოციალიზმი და გადამეტებული რეგულირება. გვიყვარს თავისუფლება, საიმედო სასამართლო სისტემები, მცირერიცხვოვანი ხელისუფლება, თავისუფალი ბაზარი, ნეიტრალიტეტი და სამოქალაქო უფლებები",- წერს დუროვი თავისი "ფეისბუქის" გვერდზე.

დუროვის ამ სტატუსს, მის მეგობრებს შორის გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრებმა ВКонтакте-ს დამფუძნებელს საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყნები და მათ შორის საქართველოც ურჩიეს.

ესპანეთის, ლატვიის, ზიმბაბვეს, ახალი ზელანდიის, შვედეთის, ნორვეგიის გვერდით დუროვს მეგობრებმა საქართველოში ჩამოსვლაც ურჩიეს. თავად დუროვი ჯერჯერობით თავს იკავებს აღნიშნულ რჩევებზე კომენტირებისგან.

პავლე დუროვმა 1 აპრილს განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს ტოვებდა. თუმცა, მოგვიანებით, მან უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ განცხადება მისი გათავისუფლების შესახებ უკან გაიწვია. როგორც რუსულ მედიაში წერენ, დუროვს განცხადება უკან არ გაუწვევია, რის გამოც ის 21 აპრილს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დუროვს თავისი გათავისუფლების კანონიერება არ უღიარებია.

დუროვმა 12 თანამშრომელთან ერთად რუსეთი რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამასთან, ВКонтакте-ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს და რომ ამჟამად "ქვეყანა ინტერნეტ-ბიზნესთან შეუთავსებელია".