ევროპის საინვესტიციო ჯგუფი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის 100 მილიონი ევროს კრედიტს გამოყოფს

EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან პირველ საგარანტიო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ტალინში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე „ციფრული ეკონომიკა: ინოვაციური პლატფორმა გამჭვირვალე საზღვრებს გარეშე ბიზნესისთვის“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ფონდს აერთიანებს, ხელი მოაწერა პირველ საგარანტიო შეთანხმებას ProCredit Holding-თან და მის შვილობილ კომპანიებთან. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

შეთანხმება საშუალებას მისცემს ProCredit ბანკს აღნიშნულ ქვეყნებში ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეების წვდომას ფინანსებზე თითოეულ კრედიტზე 70%-იანი გარანტიის უზრუნველყოფით და შემდგომში ხელსაყრელ პირობებზე დაფინანსებით, მათ შორის შემცირებული უზრუნველყოფის მოთხოვნა. შეთანხმების მიზანია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ახალი ბიზნესშესაძლებლობების გაჩენა.

„მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის პრიორიტეტია, რადგან სწორედ მათი დაფინანსებით ჩვენ ვზრდით ეკონომიკას, ინოვაციებსა და სამუშაო ადგილებს. Procredit Holding-თან გაფორმებული საგარანტიო შეთანხმებები დაგვეხმარება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესამდე მივიდეთ და დავეხმაროთ მათ გააგრძელონ ახალი პროექტების განვითარება“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.

EU4Business ევროკავშირის ინიციატივაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა) მცირე და საშუალო მეწარმეებს თავიანთი სრული პოტენციალის ათვისებასა და ეკონომიკურ ზრდაში ეხმარება.