ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ მშენებლობის დაწყებიდან ანუ 20 დეკემბრიდან 3 წელიწადში ანაკლიის პორტი შეძლებს პირველი გემების მიღებას , - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო "რედისონში", "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებისთვის ანაკლიის პორტის პროექტის გაცნობას.
"ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის მანძილზე ჩავატარეთ არაერთი გეოტექნიკური კვლევა. მისი შედეგების გათვალისწინებით ვიმუშავეთ დიზაინთან და გენგეგმასთან დაკავშირებით. ჩატარდა უზარმაზარი კვლევები, რაც ჩვენ მთავრობას წავუდგინეთ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მშენებლობა დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ მშენებლობის დაწყებიდან, ანუ 20 დეკემბრიდან 3 წელიწადში შევძლებთ პირველი გემების მიღებას", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ნოემბრის ბოლოს გაიმართება ვიზიტი აზიაში. "მიმდინარეობს მოლაპარაკება დიდ ჩინურ კომპანიასთან, გვინდა, რომ ისინი დავაინტერესოთ და პორტში შემოვიყვანოთ", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
თავის მხრივ, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგულმა ანაკლიის პორტის მნიშვნლობაზე ისაუბრა.
"ანაკლიის პორტის და "ანაკლია სითის" პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია წევრებისთვის, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ტვირთების გადაზიდვა მოხდეს ევროპაში ზღვის მეშვეობით", - განაცხადა მაიკლ ქაუგულმა.