"ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის 4 წლის განმავლობაში დაახლოებით, 500 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული"

ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული , - ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელთან სებასტიან ჰუსონ დე სამპინისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"გვინდა, რომ ტრანზიციის პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ შეხვედრებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. მათთან ურთიერთობა და თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელი იყოს თანხების მოზიდვა, რათა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული პროექტების განხორციელება მოხდეს. ის მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან იქნა ყურადღება გამახვილებული და დახმარების სურვილი გამოთქვეს, არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და "სმარტ სითი". გავიმეორებ, რომ გვინდა, ნაკლები ბიუროკრატია. გვინდა უფრო მეტი სიახლე, თანამედროვეობა, ინოვაცია და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება", - განაცხადა კალაძემ.

იგი გეგმავს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდეს.

"ის გამოცდილება, რაც დაგვიგროვდა ენერგეტიკაში, გვინდა გადმოვიტანოთ მერიაში, რომ შესაძლებელი იყოს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც იყო გაჟღერებული. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც იქნა გაჟღერებული. ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათავლისწინებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში და მათი თანადგომა და ეს ურთიერთობები, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.