სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე - ფაროსანას ერთეული შემთხვევა თბილისის გარდა, გორსა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა

ფაროსანას არსებობის ერთეული შემთხვევა აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის გარდა, გორსა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არის ადგილები, სადაც ფაროსანას ნახულობენ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, სატრანსპორტო საშუალებები ინტენსიურად დადიან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.

„ფაროსანები იზამთრებენ ყველგან, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებში და არ არის გასაკვირი, რომ გადმოვიდნენ. ერთეული შემთხვევები ყველგან იქნება, შემოსევა არ არის, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის გამო ფაროსანა ყველგან იქნება.

ფაროსანას დასაფიქსირებელად 1200 მოწყობილობა განთავსდა კახეთში და ამდენივე იქნება გორშიც, მაგრამ ჩვენს მონიტორინგის სამსახურს ჯერ არ დაუფიქსირებია მავნებელი. ატამში, ვაშლში, მსხალში და აღმოსავლეთ საქართველოს ხილის კულტურებში მავნებელი წელს არ ყოფილა“, - აღნიშნა ზურაბ ლიპარტიამ.

მისივე განმარტებით, მწერი გამოიზამთრებს და აპრილის ბოლოდან უკვე იქნება ბუნებაში, სადაც დაიწყებს შეჯვარებას, გამრავლებას და სწორედ იმისთვის, რომ არ მოხდეს მავნებლის გავრცელება, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს.

„პროგრამა, რომელიც მომავალ წელს უნდა განვახორციელოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს გათვალისწინებული, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის. თუ რა ღონისძიებები უნდა გაატარონ ფერმერებმა ამის შესახებ ჩვენ შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩავატარებთ“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

არსებული ინფორმაციით, ფაროსანა გორსა და კახეთის ზოგიერთ რაიონშიც შენიშნეს.