საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობები და მიმდინარე პროექტები გვაკავშირებს.
ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ წელს EIB-მა საქართველოში დააფინანსა და მხარი დაუჭირა 70 მილიონი ევროს ოდენობის პროექტებს.
„ჩვენი პროექტები მიმართულია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებზე, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთ და აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორები. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებს და აქტიურად ვართ წარმოდგენილი საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეების პროექტების დაფინანსებაში. ჩვენი აზრით, ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდასა და საშუალო კლასის გაძლიერებას, არამედ ინოვაციების ზრდას საქართველოს ეკონომიკაში“, - აღნიშნა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვაზილ ჰუდაკის თქმით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი პიონერია, რომელმაც რეფორმებისთვის, რეგულაციებისთვის, კორუფციასთან ბრძოლის საჭირო გარემო შექმნა.
„ეს ორი ელემენტი ერთი მედლის შემადგენელი ნაწილია - კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების. ყოველივე ამის გათვალისწინებით უცხოელი ინვესტორები კომფორტულად გრძნობენ თავს საქართველოში. გვჯერა, რომ საქართველოს მთვრობასთან და ბიზნესთნ ერთობლივი წარმატებული დიალოგის შედეგად კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ საქართველოში“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.