500 მილიონი და ოთხი წელი თბილისის ისტორიული ნაწილის სრულ რეაბილიტაციას არ ეყოფა , - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რის გამოც დიდ ფინანსებს მოითხოვს, თუმცა, მისივე თქმით, ეს პროცესი მისი მერობის დროს აქტიურად დაიწყება.
”ძველი თბილისი მართლაც საჭიროებს რეაბილიტაციას. ის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაში დაიხარჯება 500 მილიონი ლარი, ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ მოიცავს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ისტორიულ შენობა- ნაგებობებთან, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არის. ეს პრობლემები 20-25 წლის განმავლობაშია დაგროვებული. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ 4 წლის განმავლობაში.
შემდგომი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგრძელდეს, თუმცა, ძველი თბილისის გარდა არსებობს ყველა რაიონში ასეთი პრობლემა, რომელიც ავარიულ სახლებს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს „ხრუშჩოვკები“, შეიძლება იყოს ისტორიული შენობა-ნაგებობები და შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართები, ეს ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ სარეაბილიტაციო პროექტში ჩართულია ტურისტული მარშრუტები და მუზეუმები. ”ჩვენთან მუზეუმები დოტაციაზეა და გასაგებია რატომ, იმიტომ, რომ მუზეუმების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს მუზეუმების რეაბილიტაციაც”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა იმ უბნებზეც ისაუბრა, სადაც ბევრი ავარიული სახლია და განმარტა, რომ ეს მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი პრობლემა არ არის. ”10 წლის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქ მილანში ვცხოვრობდი. შემიძლია წავიყვანო თქვენი გადამღები ჯგუფი და ვაჩვენო ქუჩები, რომელიც არის სრული კატასტროფა. ასე რომ, ყველა ქალაქშია ასეთი კონკრეტული ქუჩები. ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რომ მოწესრიგდეს ყველაფერი.
500 მილიონი და ოთხი წელი არ ეყოფა თბილისის ისტორიული ნაწილის სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ მასშტაბური პროექტები გვაქვს. წელსვე ვიწყებთ ორბელიანის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას. ვიწყებთ მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მომავალ წელს ვიწყებთ ასევე გუდიაშვილის მოედნის პროექტის განხორციელებას, ფიროსმანის ქუჩას და ზემო და ქვემო კალა, ასევე, ლესელიძის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდება, რადგან ამ ქუჩას და მიმდებარე უბანს დიდი პოტენციალი აქვს”, - განაცხადა კახა კალაძემ.