ღვინო, ფოტო და აკორდეონი -პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები

”ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2013 წლის ხარჯები გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ გასულ წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიის სახით თანამშრომლებზე 1 მილიონ 796 333 ლარი გასცეს. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი მოცულობის პრემიები (294 310 ლარი) თანამშრომლებზე აგვისტოში გაიცა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაცემული პრემიებიდან 634 587 ლარი, თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ნადირაძემ მიიღო – 56 050 ლარი. მას მცირედით ჩამორჩება ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის მიერ მიღებული პრემია – 49 560 ლარი. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ კი პრემიის სახით გასულ წელს 44 634 ლარი მიიღო.

როგორც IDFI აღნიშნავს, თანამდებობის პირებზე პრემიების გაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, 2013 წლის იანვრიდან მაისამდე პრემია არ მიუღია, ხოლო მაისიდან ნოემბრამდე ყოველთვიურად იღებდა პრემიის სახით ხელფასის ორმაგ ოდენობას - 7080 ლარი.

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 1 340 132 ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი თანხა ერთჯერადად გადახდილია 2013 წლის 22 იანვარს სუვენირების შეძენაზე - 88 870 ლარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებში, ერთჯერადად გადახდილ ყველაზე დიდ თანხებს შორის, არის აგრეთვე სატრანსპორტო მომსახურების და მგზავრობის ხარჯი - 24 836 ლარი, პრეზიდენტის ტელეეთერით მომსახურება – 20 000 ლარი, ღონისძიებისთვის სასმელის შესყიდვა – 14 043 ლარი.

IDFI -ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დამატებით გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შპს "iphone +"-გან სუვენირის სახით შეისყიდა 100 ცალი Ipod Touch - 42 500 ლარი, 40 ცალი Iphone 4s ღირებულებით 45 960 ლარი და სხვა ტექნიკა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სასაჩუქრედ ერთჯერადად შეძენილია სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა. მაგალითად, მობილური ტელეფონი Iphone 5 ან სულაც აკორდეონი.

პრეზიდენტის შეხვედრების ტელეეთერით მომსახურებაზე ხელშეკრულებები გაფორმებულია ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორთან, რომლის ხარჯმაც 2013 წელს 62 000 ლარი შეადგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ვხდებით აგრეთვე ფოტომომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს. მაგალითად 2013 წლის 7 მაისიდან 2013 წლის 10 მაისამდე ფიზიკური პირისათვის ფოტომომსახურებისათვის გამოიყო 2037 ლარი.

ყველაზე ძვირადღირებულ ერთჯერადად გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის სასმელის შესყიდვისთვის გახარჯული თანხაა - 14 043 ლარი, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სახეობის ღვინის ნაწარმი შეიძინა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ხარჯი - 4461 ლარი, ადმინისტრაციამ რესტორან ”კოპალაში” წვეულების მოსაწყობად დახარჯა”,- ნათქვამია ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების კვლევაში.”