„რეზონანსი" - საყოველთაო ჯანდაცვაში "გაფილტრულ" ადამიანებს დააბრუნებენ?!

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ბრძოლა გრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კერძო კომპანიებში დაზღვეული მოქალაქეების საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან ამოღება. "იმედი მაქვს, ამ ადამიანებს სრულად აღუდგებათ საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურება", - აცხადებს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც, 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს უზღუდავდა ამ პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას.

გადაწყვტეილებაში აღნიშნულია, რომ, სადავო ნორმის მიხედვით, უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად მოსარგებლე პირები და ისინი, ვინც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო აღარ არიან ჩართულნი კერძო სადაზღვევო სქემებში. აღნიშნულ კატეგორიაში მყოფ პირებს უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ შეზღუდული მოცულობით.

ამ ამბავმა მეტად ნასიამოვნები დატოვა კერძო მზღვეველები. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემხრობა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი. მისი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს, თუ რა არის საყოველთაობა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სამი წელი დასჭირდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგი მივიღეთ. 2013 წლის გადაწყვეტილებით ვინც ამოვარდა სისტემიდან და ვინც 2017 წლის 9 თებერვალს მიემატნენ, მათი პრობლემა დასრულდა. იმედი მაქვს, ამ ადამიანებს სრულად აღუდგებათ საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურება. ამას იურიდიული შეფასება სჭირდება, თუმცა ვიმედოვნებ, ყველაფერი შესაბამისად გადაწყდება.

სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ უნდა გამოაფხიზლოს შესაბამისი ორგანოები და თავად სახელმწიფო, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ, თუ რა არის საყოველთაობა. მთავრობამ უნდა გაწეროს საბაზისო სერვისებზე წვდომა ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო დაზღვევით და აქედან გამომდინარე განვითარდეს მოვლენები", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხეჩინაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბუნებრივს უწოდებს ანალიტიკოსი ლევან კალანდაძე. მისი თქმით, ჯანდაცვის სერვისში ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი თავისი შემოსავლების შესაბამისად უნდა იღებდეს სადაზღვევო სერვისს. მან სახელმწიფოს აქტიურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაამკვიდროს წესი, რომელიც ყველა სოციალური ჯგუფისთვის უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებრივია და სარეკომენდაციო ხასიათს არ ატარებს. ჩვენ ჯერ ჩამოყალიბებისა და ძიების პროცესში ვართ. თავად სისტემის სრულყოფისთვის წლები დაგვჭირდება. სირთულეები არის, თუმცა სწორი მოდელირების პირობებში როგორც სამართლებრივი გადაწყვეტილება, ისე სოციალური კომპონენტი მიღწევადია.

სახელმწიფო დაზღვევას იმიტომ ჰქვია საყოველთაო, რომ უნდა იყოს საყოველთაო. ჯანდაცვის სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის დაცვაც აქტუალური უნდა იყოს. აქვე გასათვალისწინებელია ერთი რამ – სამართლიანობის კომპონენტი არ გულისხმობს, რომ ყველას თანაბარი სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. არის მოსახლეობის ფენა, რომელსაც განსხვავებული შემოსავალი აქვს და შესწევს უნარი, არა ბიუჯეტის, არამედ საკუთარი შემოსავლების ხარჯზე უზრუნველყოს საკუთარი ჯანმრთელობა და მედიკამენტების დაფინანსება.

ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში გამოიხატება იმაში, რომ დაამკვიდროს წესები, რაც ყველა სოციალური ჯგუფისთვის უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას. ჩვენთან სავალდებულობის პრინციპი არ არის დაცული, რის შედეგადაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ კატეგორიას განეკუთვნება პირი, ის იძულებულია, ჩაერთოს ჯანდაცვის ერთიან სისტემაში. ამ შემთხვევაში ნაწილის დაფინანსება შეიძლება მოხდეს ბიუჯეტიდან, ნაწილი იყოს საკუთარი შემოსავლისა და დამსაქმებლის იმედზე, ხოლო მდიდარი ფენა – მთლიანად საკუთარი შემოსავლის ხარჯზე, იმის გამო, რომ სამედიცინო დაზღვევა დღეს სავალდებულო არ არის, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სურლფასოვან მომსახურებას მოკლებულია", - განუცხადა "რეზონანსს" კალანდაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძის განცხადებით, თუ ამ საკითხზე მთავრობა განკარგულებას გამოსცემს, შესაბამისი ფინანსური რესურსებიც უნდა მოინახოს, რაც საყოველთაო ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობას მოხმარდება.

"2013 წელს, პოდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იქმნებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდო ზღვარი კერძო დაზღვეულებსა და სახელმწიფო პროგრამას შორის. მთავარი ამოცანა იყო მთელი მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო სერვისებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. მთავრობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაბამისი რესურსით უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"