საიდან ჩნდება ტყვია ქართულ სუნელებში?

ინფორმაციამ, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის რაოდენობა ძალიან მაღალია, ჩვენი მოსახლეობის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

თავდაპირველად ეს ცნობა ნიუ-იორკის ჯანმრთელობისა და მენტალური ჰიგიენის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ამის შემდეგ სუნელების კვლევა საქართველოშიც ჩატარდა, კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს კი, ანალოგიური კვლევა სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმაც ჩაატარა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვახო კობალაძემ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 13 ნიმუშიდან ერთ-ერთში ტყვიის შემცველობა ნორმაზე 2-ჯერ მეტი იყო (11,7 მგ/კგ, როცა ნორმაა 5,0 მგ/კგ) ეს გახლდათ დაფასოებული ყვითელი ყვავილი, რომელსაც ეტიკეტზე „ბლექ სი ჯორჯიას“ სახელი ეწერა. აღნიშნული ნაწარმი „გუდვილის“ ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდებოდა.

როგორ მოხვდა უხარისხო პროდუქცია „გუდვილში“? - ამ საკითხზე „გუდვილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს - ნატა წერეთელს ვესაუბრეთ. მისი თქმით, „გუდვილის“ მაღაზიათა ქსელში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ პროდუქციის ხარისხს და ეს ინფორმაცია მათთვისაც მოულოდნელი იყო:

ნატა წერეთელი - ნებისმიერი მომწოდებელი, რომელსაც „გუდვილში“ პროდუქცია შემოაქვს, ვალდებულია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარმოადგინოს. გამონაკლისი არც „ბლექ სი ჯორჯიაა“. ამ ფირმის მიერ შემოტანილ პროდუქციას შესაბამისი სერტიფიკატი ახლდა. სწორედ ამიტომ იყიდებოდა „გუდვილის“ მაღაზიათა ქსელში. როგორც კი შევიტყვეთ, რომ „ბლექ სი ჯორჯიას“ მიერ დამზადებული ყვითელი ყვავილი საეჭვო ხარისხისაა, მაშინვე ამოვიღეთ ქსელიდან. ეს პროდუქტი გაყიდვაში არ იქნება მანამ, სანამ მწარმოებელი არ წარმოადგენს დამოუკიდებელი ლაბორატორიის დასკვნას, რომელიც მის უვნებლობას დაადასტურებს - აღნიშნა „გუდვილის“ წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ფირმის ხელმძღვანელი, ბაგრატ მეზურნიშვილი ამბობს, რომ დღეს „ბლექ სი ჯორჯიას“ სახელით ბაზარზე სულ სხვა კომპანია საქმიანობს, თანაც, სულ სხვა სფეროში:

ბაგრატ მეზურნიშვილი - უკვე რამდენიმე წელია ამ სახელს სულ სხვა კომპანია იყენებს. 2007 წელს დამიბარეს და მითხრეს, რომ სახელი უნდა შემეცვალა და დავრეგისტრირდი, როგორც „ინდმეწარმე ბაგრატ მეზურნიშვილი“. ძველი სახელწოდება ჩვენს ეტიკეტებს იმის გამო შემორჩა, რომ თანხის დაზოგვის მიზნით აღარ გადავაკეთე. ამჟამად ლილოში ვმუშაობ - უკვე დაფქულ და გამზადებულ პროდუქციას ვყიდულობ, რომელსაც ვაფასოებ. „გუდვილის“ მაღაზიებში ყოველთვის მთხოვენ ხარისხის სერტიფიკატს, მე კი იმათგან მოვითხოვ, ვინც ნელდეულით მამარაგებს. სწორედ ამ საბუთს ვაჩვენებ მაღაზიას, როდესაც პროდუქციას ვაბარებ.

ინდმეწარმის თქმით, ნედლეულს მას აწვდიდა კოოპერატივი, რომელსაც ქალბატონი თინა ბეგლარიშვილი ხელმძღვანელობდა:

-ამ ქალბატონს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ყოველთვის ჰქონდა და მეც ვენდობოდი, ან რა საფუძველი მქონდა, რომ მის სიმართლეში ეჭვი შემეტანა? ბოლოს მისგან ნედლეული ივლისში შევისყიდე. მერე კი გავიგე, რომ მისი კომპანია დალუქულია, იქ საგადასახადო ინსპექცია შევიდა და თინა ბეგლარიშვილი ამ ბიზნესს საერთოდ ჩამოშორდა. ამ ამბის შემდეგ მასთან აღარ ვთანამშრომლობ. როგორც ჩანს, „გუდვილში“ აღმოჩენილი ყვითელი ყვავილი სწორედ მისგან იყო შესყიდული. ამჟამად სულ სხვა მომწოდებელი მყავს - ნედლეულს შპს „ჯეოსგან“ ვყიდულობ“ - აცხადებს ინდმეწარმე.

P.S. ამ საკითხის გამო სურსათის ეროვნულ სააგენტოს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი მათთვის კარგად არის ცნობილი და სახელმწიფო კონტროლით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას განახორციელებენ. კონკრეტული ვადები, თუ როდის დასრულდება მოკვლევის პროცესი, ჯერ არ იციან და როცა ყველაფერს დაადგენენ, აუცილებლად შეატყობინებენ ფართო საზოგადოებას.

ხათუნა ჩიგოგიძე