რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს ტელეარხ Russia Today-სა და სააგენტო Sputnik-ის Twitter-ის გვერდებიდან რეკლამის მოხსნის თაობაზე Twitter-ის გადაწყვეტილებაზე.
ამის შესახებ რუსეთის კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე ალექსეი ვოლინმა განაცხადა.
„ჩვენ ზომებს მივიღებთ. ეს იქნება საპასუხო ზომები რუსეთის კომპანიების დისკრიმინაციის მცდელობებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამ ეტაპზე მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საპასუხო ზომებზე მიდის საუბარი.
გუშინ, Twitter-მა გადაწყვეტილება მიიღო “Russia Today”-სა და “Sputnik”-ის საკუთრებაში მყოფი პროფილებიდან რეკლამა დაბლოკოს.
“ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენ აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე ჩავატარეთ და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „Russia Today“ და „Sputnik“-ი რუსეთის მთავრობის დავალებით არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ”, - აღნიშნეს კომპანიაში.