წინა წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი 33%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოზიტიური ტენდენციაა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდასთან დაკავშირებით.
„წინა წელთან შედარებით, 33%-ით არის გაზრდილი დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი. ამ მაჩვენებელმა 860 000 მიაღწია. რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, აქედან ნახევარი საქართველოს მოქალაქეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი ენთუზიაზმით მოგზაურობენ ასეთ ადგილებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ნახევარი არის უცხოელი ვიზიტორი მსოფლიოს 97 ქვეყნიდან. ძალიან კარგია, რომ ასეთი სპექტრი გვაქვს. ეს არის ნამდვილად ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმის წახალისება და ეს პირველ რიგში, ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს ჩვენი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ტურისტული ინფრასტურქტურისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ერთვება ისეთ პროგრამებში, როგორცაა „მიკრო გრანტების პროგრამა“, „უმასპინძლე საქართველოში“, აქვს შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამების მეშვეობით წამოიწყონ ბიზნესი, არჩინონ საკუთარი ოჯახი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ 3 500 000 ლარი შეადგინა მარტო მარტვილის კანიონისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა. ეს სწორედ იმითაა განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ინფრასტრუქტურა მოეწყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვის სამინისტროს და მინისტრს გიგლა აგულაშვილს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში და ასევე სხვა უწყებებს.
მისივე თქმით, ნამდვილად ძალიან კარგი და გასახარია, რომ ახალი საოჯახო სასტუმროების რიცხვმა მოიმატა.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაძვირდა მიწის საფასური, მაგრამ ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს, რომ მოსახლეობამ იმის ნაცვლად, რომ გაყიდოს საკუთარი ნაკვეთი თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ისინი ამჯობინებენ დარჩნენ, გამოიყენონ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს, ადგილზე კარგად მოიკიდონ ფეხი და შემოსავალი გაიჩინონ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.