გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს, გრანტის სახით, 1 650 000 ევროს გამოუყოფს

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (Kfw) საქართველოს, გრანტის სახით, 1 650 000 ევროს გამოუყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თანხა მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში ტურისტული და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის მომზადებაზე დაიხარჯება.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებმა.

გრანტის ფარგლებში მომზადდება კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კონცეფცია, ურბანული განვითარებისათვის არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, დაგეგმილი საინვესტიციო ღონისძიებების სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებულია იმერეთსა (სამტრედია, ბაღდათი, ვანი) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ფუნდამენტური რეაბილიტაცია, ასევე ტურისტული, ურბანული და სხვა სახის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.