შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალ წესთან დაკავშირებით მძღოლებს რეკომენდაციით მიმართავს. ახალი წესი 2017 წლის 1-ელ ნოემბერს ამოქმედდება.
როგორც ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე” შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა განაცხადა, პირველ რიგში მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოში მითითებული ჰქონდეთ მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი.
”2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომელიც ახლებურად არეგულირებს ჯარიმების აღსრულების წესს, რაც მნიშვნელოვანია იცოდეს ყველა მძღოლმა. დაჯარიმების შემთხვევაში, მძღოლი sms შეტყობინებით გებულობს კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ყველა მძღოლს ჰქონდეს მითითებული მოქმედი მობილურის ნომერი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მოქმედ აპლიკაციაში, რათა მიიღოს ასეთი შეტყობინება. ყველა მძღოლს შეუძლია გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და თუ არ აქვს საერთოდ მითითებული ინფორმაცია საკონტაქტო ნომრის შესახებ, უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს. თუკი მძღოლი sms შეტყობინების მიღებისთანავე 10 დღის ვადაში გადაიხდის ჯარიმას, ე.წ. ბონუს სისტემა შეეხება და 20%-ით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს. თუკი მძღოლი არ იხდის ჯარიმას ამ 10 დღის ვადაში მოქმედებს სტანდარტული წესი. სტანდარტული წესი თავის თავში მოიცავს ფოსტის მეშვეობით კონკრეტულ ფაქტობრივ მისამართზე ჯარიმის გაგზავნას. არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც არ იბარებენ ამ კონკრეტულ ჯარიმას ან ვერ ხერხდება ჩაბარება. ამ შემთხვევაშიც არის ორეტაპიანი ჯარიმის ჩაბარების წესი. ფოსტის მეშვეობით შსს ორჯერ უზრუნველყოფს ჯარიმის გაგზავნას და თუკი ამ შემთხვევაშიც ვერ ხერხდება ჩაბარება ამ კონკრეტული ჯარიმის, უკვე არის მესამე ეტაპი. მესამე ეტაპზე, შსს-ს ოფიციალურ გვერდზე police.ge-ზე ხდება ამ ჯარიმის გამოქვეყნება. გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ჩაბარებულებად ითვლება ეს ჯარიმა კონკრეტული მძღოლისთვის და ექვემდებარება გადახდას. ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეული მძღოლი თვალყურს ადევნებდეს სიახლეებს შსს-ს ოფიციალურ გვერდზე, რომელიც ამ საკითხებს შეეხება”, - განაცხადა არსოშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს ასეთი პრაქტიკა და ხშირად ხდებოდა სხვადასხვა მიზეზის გამო ჯარიმის ჩაბარებისგან თავის არიდება.
”საკანონმდებლო ცვლილებები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხანდაზმულობის ვადა არის გაზრდილი, 6 თვის ნაცვლად არის უკვე 1 წელი, რაც გარანტიაა იმის, რომ მაქსიმალურად დროულად იქნება ამოღებული კონკრეტული ჯარიმები. თუმცა, ეს რეფორმა არ ემსახურება რაც შეიძლება მეტი ჯარიმის ან მეტი მძღოლის დაჯარიმებას”, - აღნიშნა არსოშვილმა.