აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი მიმდინარე წელს, რეგიონში ციტრუსის კარგ მოსავალს ელოდება.
როგორც ავთანდილ მესხიძემ განაცხადა, თუკი მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდა და ციტრუსი არ დაისეტყვა, აჭარის რეგიონი საექსპორტოდ, სტანდარტულ 35-დან 40 000 ტონამდე მოსავალს აიღებს. ამასთან, მესხიძის თქმით, არსებულ ბაზრებს, სადაც ამ დროისთვის საქართველოდან ციტრუსი ექსპორტზე გადის, შესაძლოა, კიდევ სხვა ბაზრები დაემატოს. შესაბამისად, ავთანდილ მესხიძის თქმით, ბაზრის პრობლემა არ დადგება.
„დაახლოებით 35-დან 40 000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსს ველოდებით საექსპორტოდ, ხოლო თუ ამინდი არ გაფუჭდა და არ დაისეტყვა მოსავალი, არასტანტარული ციტრუსის რაოდენობა სავარაუდოდ, 10 000 ტონამდე იქნება (შარშან კი არასტანდარტული 14 900 ტონა იყო). ასევე, მინდა გითხათ, რომ არსებულ ბაზრებს, შესაძლოა, დაემატოს შუა აზიის რესპუბლიკები. 29 სექტემბერს ჩატარდა ფორუმი, სადაც 10 ქვეყნის 27 კომპანია იყო ჩამოსული. გამომდინარე იქიდან, რომ გამოითქვა დაინტერესება, ეს კომპანიები აგრძელებენ ჩვენთან კონტაქტს და ვფიქრობთ, რომ გამოიკვეთება ახალი კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებთან ურთიერთობას დაამყარებენ. ასე რომ, ბაზრის პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება ტრასპორტს, გადაზიდვებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორთან გვქონდა საუბარი და ეს საკითხიც მოგვარებულია. ასევე გაიხსნება შტაბი, იფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც ხელს შეუწყობს საბუთების სწრაფად გაფორმებას და ამით ექსპორტიორები ისარგებლებენ“, - განაცხადა მესხიძემ.
რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, აღნიშნულ მავნებელს აჭარაში პრობლემები არ შეუქმნია. მისი თქმით, რეგიონში ყველა მეციტრუსეს შესაბამისი პრეპარატი დაურიგდა და ეს პროცესი ამდრომდე გრძელდება.
„ადრე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აჭარაში ციტრუსს აზიური ფაროსანა შეესია, თუმცა ასე ხმამაღლა ნუ ვიტყვით. მე, როგორც მინისტრს, მოქალაქეს და პროფესიით მეციტრუსეს დაზიანებული ნაყოფი ჯერ არ მინახავს. ყველა მეციტრუსემ ამაზე პრეპარატი მიიღო და ვაგრძელებთ მუშაობას. პრეპარატის პრობლემები არ დგას, მექანიზატორთან გაფორმებულია ხელშეკრულება და უფასოდ მიმდინარეობს მოსახლეობასთან მომსახურების პროცესი“, - განაცხადა ავთანდილ მესხიძემ.
მასალა მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით.