მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, მიმდინარე თვეში ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე იზრდება.

კერძოდ, აპრილის თვის დასაწყისიდან დღემდე, ლონდონში Brent ნავთობის ფასი გაიზარდა 105,62 დოლარიდან 110.33 დოლარამდე/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი 99,74 დოლარიდან 101.94 დოლარამდე/ბარელზე.

ნავთობის ფასის ზრდა რუსეთ-უკრაინის კრიზისის გაღრმავების ფონზე ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგები საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას (1982 წლის შემდეგ ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებელი).

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეც დამოკიდებულია საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით. კერძოდ, აპრილის თვის დასაწყისიდან 24 აპრილის მდგომარეობით ბენზინის ფასი გაზრდილია 42 დოლარით - 1029,75 დოლარამდე/ტონაზე; L-62 დიზელი გაზრდილია 39,75 დოლარით 912,50 დოლარამდე/ტონაზე; 10 PPM დიზელი მომატებულია 36,75 დოლარით 937,25 დოლარამდე/ტონაზე;

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, აპრილის თვეში რეგულარი და L-62 დიზელის საწვავის ფასი საშუალოდ 3 თეთრით/ლიტრზე გაიზარდა, ხოლო დანარჩენი პროდუქტების ფასი იგივეა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, დღეისთვის ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი - 2.22-2.30 ლარი/ლიტრზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2.15-2.25 ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.00-2.10 ლარი/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,05 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელი - 2.17-2.25 ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2.05-2.09 ლარი/ლიტრზე. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 5-10 თეთრით უფრო ნაკლებია.