თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებების საჭიროებას ნაკლებად ხედავს.
როგორც ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, პირიქით, აუცილებელია გარკვეული სამსახურების გაძლიერება.
„საკადრო შემცირებები ნაკლებად არის საჭირო. ჩვენ თავის დროს გარკვეული ოპტიმიზაცია გავაკეთეთ, როცა სხვადასხვა სამსახურების შერწყმა, ადმინისტრაციების გათავისუფლება მოხდა. პირიქით, ვიტყოდი, რომ ზედამხედველობის სამსახურს გაძლიერება სჭირდება, ვინაიდან მომდევნო წლის აპრილიდან ხმაურის კონტროლთან დაკავშირებით ახალი ფუნქციები ემატება. ჩვენ გარე ვაჭრობაზე ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ. ის, რომ ქალაქში გარე ვაჭრობა მასიური არ არის, ამის შენარჩუნებას ზედამხედველობის სამსახურში უფრო მეტი რესურსი სჭირდება. ამიტომ პირიქით, მერიის ზედამხედველობის სამსახური გასაძლიერებელია“, - აცხადებს ნარმანია.
რაც შეეხება უშუალოდ სტრუქტურულ ცვლილებებს, თბილისის მოქმედი მერი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის საჭიროება არსებობს.
„თავის დროზე ჩვენ გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები გავაკეთეთ, თუმცა ერთიანი დიდი რეორგანიზაცია არ ჩაგვიტარებია. ასეთი რეორგანიზაციის საჭიროება არსებობს. გაკეთებული გვაქვს სტრუქტურისა და საჭიროებების კვლევა. კარგია, რომ ახალი მერი და ახალი ადმინისტრაცია სტრუქტურის გაჯანსაღების პროგრამით შემოდის. ეს პერიოდულად საჭიროა, რადგან ქალაქში პერიოდულად საჭიროებები იცვლება. სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული განახლებებია საჭირო. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - აცხადებს ნარმანია, რითაც პასუხობს კითხვას, რამდენად ხედავს მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის და რეფორმირების საჭიროებას.