"სამი წლის განმავლობაში, ქალაქში 1 000-მდე ხეც არ არის მოჭრილი, მაშინ როცა 700 000-ია დარგული"

დავით ნარმანიამ თბილისის მერის თანამდებობაზე 3-წლიან მუშაობა შეაჯამა. რა გააკეთა და რისი გაკეთება ვერ შეძლო, რა გამოწვევებს უტოვებს ახალ მერს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ”ინტერპრესნიუსს” დავით ნარმანია ესაუბრა.

ნარმანიას თქმით, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს დედაქალაქში 700 000 ხე დაირგო.

"ჯამში, სამი წლის განმავლობაში, ქალაქში 1 000-მდე ხეც არ არის მოჭრილი, მაშინ როცა დარგულია 700 000. ცალკეულ შემთხვევაში, როცა მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებია, მათი განხორციელების დროს, შესაძლებელია მიღებულ იქნას ასეთი გადაწყვეტილება და დეველოპერებს ხეების მოჭრის უფლება მივცეთ, მაგრამ პირწმინდად, საკომპენსაციო რგვების ან გარკვეული თანხის გადახდის გარეშე, ხეების მოჭრის უფლებას არავის ვაძლევდით. ის ვინც მოჭრის ხეს, მან სანაცვლოდ უფრო მეტი ხე უნდა დარგოს და გაახაროს, ან ბიუჯეტში გადაიხადოს ფული იმისთვის, რომ გამწვანებაზე მუნიციპალიტეტმა იზრუნოს.

რა დროც არ უნდა დადგეს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის იქნება საჭირო, რადგან ქალაქი არის ურბანული ტიპის დასახლება და მისთვის დამახასიათებელია მშენებლობები და განვითარება. ამას ქალაქი ვერასდროს გაექცევა. სხვა შემთხვევაში, ქალაქი უნდა გაჩერდეს და არ განვითარდეს," - განაცხადა ნარმანიამ.