ყავა კიდევ გაძვირდება

ბოლო დროს საქართველოს მომხმარებელი შენიშნავდა, რომ საცალო ქსელში ფასები თითქმის ყველა სახეობის ყავაზე გაიზარდა.

სავაჭრო ობიექტებში ამის მიზეზად ყავაზე საბითუმო ფასების ზრდას ასახელებენ, დისტრიბუტორები კი ყავის მსოფლიო ფასების ზრდაზე საუბრობენ.

წლის დასაწყისიდან დღემდე არაბიკას ჯიშის ყავის ფასი დაახლოებით 23 %-ით გაიზარდა. მსოფლიო ბირჟებზე ყავის გაძვირების მიზეზად ბრაზილიაში არსებული უამინდობა სახელდება. ყავის უმსხვილეს ექსპორტიორ ბრაზილიაში ხანგრძლივი გვალვები იყო, რის გამოც მსოფლიო ტრეიდერებმა არაბიკას ყავის მოსავლის პროგნოზი 18%-ით, 28.4 მილიონ ტომარამდე შეამცირეს. ამ ფონზე ექსპერტები ფიქრობენ, რომ წელს ყავაზე მოთხოვნა მიწოდებას 11 მილიონი ტონით გადააჭარბებს.

ხანგრძლივი გვალვების შემდეგ ბრაზილიას ვერც ბოლო დროს გახშირებულმა ნალექებმა უშველა. ექსპერტების ვარაუდით, ნიადაგი იმდენად გამომშრალია გვალვისგან, რომ წვიმა ყავის ხის ფესვებამდე ვერ მიაღწევს. ამას ისიც ემატება, რომ ხანგრძლივი გვალვებისგან ყავის ხეების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გახმა და ნაყოფი ჩამოსცვივდა.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ წლევანდელი უამინდობა ბრაზილიაში ყავის მოსავალზე მომავალ წლებშიც იქონიებს გავლენას. ყავის ახალგაზრდა ხეები, რომელსაც მომავალში ნაყოფი უნდა მოესხა, ან გახმა, ან ზრდაში შეჩერდა, ამიტომ გვალვები გავლენას იქონებს როგორც 2015-2016, ასევე 2016-2017 წლების ყავის მოსავალზეც. შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყავაზე მსოფლიო ფასები კიდევ გაიზრდება.

საერთაშორისო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ყავის ფასმა მსოფლიო ბირჟაზე მომავალში 1 ფუნტზე (453) შეიძლება 3 დოლარს მიაღწიოს. ბოლო მონაცემებით, არაბიკას სახეობის ყავის მსოფლიო ფასი, 1 ფუნტზე 2,157 დოლარის ფარგლებში მერყეობს.