“ეისითი” დაინტერესდა, რამდენად ბედნიერად გრძნობენ თავს თბილისელები, რამდენად განსხვავდება ეს მაჩვენებლები ასაკის მიხედვით და არიან თუ არა თბილისელები ოპტიმისტურად განწყობილები მათი მომავლის მიმართ.
კვლევამ აჩვენა, რომ 10-დან 7 თბილისელი თავს ბედნიერად გრძნობს. კერძოდ, ბედნიერად თავს გამოკითხულთა 68% თვლის, ხოლო 9% თავს უბედურად მიიჩნევს.
საგულისხმოა, რომ ბედნიერების მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ბედნიერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 18-30 და 31-45 წლის თბილისის მაცხოვრებლებში (80%; 81%). ხოლო 46 წლის შემდეგ ბედნიერების განცდა შესამჩნევად იკლებს (45-65 წელი – 61% ბედნიერია) და მინიმალურ მაჩვენებელს უტოლდება 65 წელზე უფროსი ასაკის თბილისელებში – მათგან მხოლოდ 34% აცხადებს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს.
ბედნიერების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ოპტიმიზმის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ზოგადად, თბილისში, მხოლოდ 49% ფიქრობს, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში მათი ცხოვრება გაუმჯობესდება. ოპტიმიზმის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება ყველაზე დაბალი ასაკის თბილისელებში – 18-30 (70%). 31 წლის შემდეგ ოპტიმისტური განწყობები მცირდება და თავის მინიმუმს – 11% – 65 წელს გადაცილებულ თბილისის მაცხოვრებლებში აღწევს.
კვლევა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა.