Apple-ის ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი წუთებში იყიდება

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, კომპანია Apple-ის მიერ iPhone X წინასწარი შეკვეთების გამოცხადებიდან 10 წუთში, მთელი ერთი თვისთვის სარეალიზაციოდ განკუთვნილი ტირაჟი ამოიწურა.

ახლა კომპანიას ახალი სადარდებელი გაუჩნდა, როგორ დააკმაყოფილოს მოთხოვნაზე მიწოდება.

iPhone X, რომლის ფასიც Apple-ის ზოგიერთი კომპიუტერის ტოლფასია (999$) წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში კიდევ უფრო ძვირი ღირდა. მაგალითად, ინგლისში მსურველებმა მის საბაზო მოდელში 999 გირვაქნა სტერლინგი გადაიხადეს, ხოლო ტოპ ვერსიის ფასი 1124 ფუნტი იყო.

ფასის მიუხედავად მასზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, კომპანიის ბრიტანულ სერვერს ონლაინ მყიდველების გამო პრობლემებიც კი შეექმნა და ზუსტად 10 წუთში პირველი თვის ლიმიტი ამოწურა. იგივეს იუწყებიან აზიური ბაზრებიდანაც, სადაც ეს მაჩვენებელი 20 წუთი იყო.

„ბლუმბერგმა“ ისიც კი დაწერა, რომ ასეთი მაღალი მოთხოვნის გამო კომპანიამ უარი თქვა მისი ხარისხის მაკონტროლებელ ერთ-ერთ კომპონენტზეო, თუმცა კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო და განცხადება გაავრცელა, რომ სმარტფონი ყველა იმ მაჩვენებლით იქნება აღჭურვილი, რომლითაც წარმოდგენილი იყო პრემიერაზე.

ანალიტიკოსების აზრით, iPhone X -ის გამოჩენა ბაზარზე კიდევ უფრო დააზარალებს კომპანიის მიერ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი მოდელების iPhone 8 და 8 Plus-ის გაყიდვებს, რომლებიც ამ დროისთვის დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის სმარტფონების გაყიდვებში „რვიანების“ მხოლოდ 16% მოდის, მაშინ როცა iPhone 7 და 7 Plus 58%-ს იკავებს. „რვიანებზე“ უკეთ იყიდება კომპანიის ორი წლის წინ გამოშვებული სმარტფონებიც კი - 6S და 6S Plus, მათზე საერთო გაყიდვების 24% მოდის. ამას კი ანალიტიკოსები სწორედ iPhone X-ისადმი მოლოდინით ხსნიან, რომელზეც მოთხოვნა ძალიან მაღალია.

კოკა კვირკველია