ევროკავშირის სანქციების გამო უდიდესი რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტი" იძულებულია, შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე უარი თქვას.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კომპანია მინიმუმ, 5 წლით აჩერებს 55 მლრდ დოლარის პროექტს, რის გამოც დიდი იმედგაცრუებაა ოკუპირებულ აფხაზეთში, რადგანაც ამ პროექტით "როსნეფტს" აფხაზეთის შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები უნდა დაეწყო, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება კი დიდ იმედს ამყარებდა მასზე "რესპუბლიკის" ეკონომიკური აყვავებისა და გამდიდრების მოლოდინში.
პროექტის თანახმად, "როსნეფტი" ვალდებული იყო, 2018 წლამდე შავი ზღვის შელფის არანაკლებ 1000 კვ.მ. ტერიტორიაზე სეისმოლოგიური კვლევა ჩაეტარებინა, 2022 წლის ნოემბრისთვის კი ორი ჭაბურღილი გაებურღა.
რუსული სახელმწიფო კომპანიის პარტნიორია იტალიური "ენი", რაზეც 2012 წელს შესაბამისი დოკუმენტი გაფორმდა. პროექტის ჯამური ღირებულება 50-55 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა რუსული ენერგოკომპანიების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების გამო იტალიურ მხარესთან თანამშრომლობა გართულდა.
არსებული ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობის დიდი მარაგია, თუმცა ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო საკმაოდ ძვირადღირებულია. რუსულ კომპანიას საძიებო სამუშაოების საწარმოებლად შესაბამისი აღჭურვილობაც არ გააჩნია, ხოლო ევროპული პარტნიორი კომპანია სანქციის გამო მასთან თანაშრომლობისგან თავს იკავებს. კომპანიას ასევე პრობლემები აქვს ფინანსების მხრივაც. "როსნეფტის" კაპიტალიზაცია 1/3-ითაა დაცემული. დასავლეთმა მას სანქცია 2014 წლის ზაფხულში დაუწესა.
სოხუმის მარიონეტული რეჟიმი 2009 წლიდან ელოდება, როდის დაიწყებს რუსული კომპანია "როსნეფტი" ნავთობის მოპოვებას აფხაზეთის აკვატორიაში. გასულ წელს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ამდენი წელია, რუსული კომპანია პირობას არ ასრულებს და განმარტებებიც კი მოითხოვეს.
"როსნეფტს" სეპარატისტებთან ხელშეკრულება 2009 წლის დეკემბერში აქვს გაფორმებული, რომლის თანახმად, ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად საძიებო სამუშაოები გუდაუთის აკვატორიაში უნდა დაწყებულიყო. კომპანია ამაში 15 მლრდ დოლარის დაბანდების პირობას დებდა. მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ "რესპუბლიკის" ეკონომიკის აყვავება დაიწყებოდა, თუმცა ეს მოლოდინი დასავლური სანქციების გამო გაიყინა.
დასავლური სანქციების შედეგად რუსულ კომპანიებს დიდი პრობლემები ექმნებათ, პრობლემები აქვს რუსულ ეკონომიკასაც. რუსეთში აცხადებენ, რომ სამწლიანი სანქციების გამო, რომელსაც გაუმართლებლად მიიჩნევენ, რუსეთმა 55 მლრდ დოლარის დანაკარგი მიიღო.
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყეს და პირველსავე წელს სანქციების ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს რუსული ენერგოკომპანიები, მათ შორის "როსნეფტი" და "ნოვატეკი", ასევე რუსული მსხვილი ბანკები.
ეს "შავი სია" პერიოდულად იზრდება. მაგალითად, ზაფხულში ანექსირებულ ყირიმში "სიმენსის" მიერ წარმოებული ტურბინების შეტანის გამო ევროკავშირმა სანქცია დაუწესა "სიმენტის" პარტნიორ 3 რუსულ კომპანიას და რუსეთის სამ მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს. საუბარია, რომ, საერთო ჯამში, ევროკავშირის სანქციები შეეხება 153 ფიზიკურ პირს და 40 კომპანიას.
ენერგეტიკული და საბანკო სფეროების შემდეგ ჯერი სამხედრო სფეროზეც მიდგა. შაბათს აშშ-მა თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული 39 რუსული კომპანიისა და ორგანიზაციის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სანქციები შეეხო. მათ შორისაა 6 რუსული სადაზვერვო ორგანიზაცია, მაგალითად, უშიშროების ფედერალური სამსახური (ეფ-ეს-ბე), მთავარი სადაზღვევო განყოფილება (გრუ), რუსეთის სამხედრო გენშტაბი. ასევე 33 კომპანია, მათ შორის "როსტეხი, "კალაშნიკოვი", "როსობორონექსპორტი", "მიგი", "სუხოი", "ტუპოლევი".
ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და ორგანიზაციას, ამერიკაში და სხვაგან, რუსეთის ამ სტრუქტურებთან მნიშვნელოვანი გარიგებები ეკრძალებათ. ამ ახალი სანქციების დაწესება 29 იანვრიდან უნდა დაიწყოს.
ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურმა სანქციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას "მტრული გამოვლინება" უწოდა და განაცხადა, რომ კრემლში სიტუაციის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ შამანოვმა განაცხადა, რომ ეს არის აშშ-ის უძლურება, რუსეთი ცუდად გახადონ, რადგან რუსულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მსოფლიოს აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტურია.
აშშ-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ მათ სანქციების არ ეშინიათ, "რუსეთი გადარჩება" და "ნებისმიერ მტერს დაამარცხებს".
რუსეთის მთავარი საყრდენი არის ნავთობი, გაზი და იარაღი. სამივე მიმართულებით სანქციები უკვე არსებობს და მოლოდინია, რომ აშშ-ის ეს ბოლო სანქციები მოსკოვს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს სწრაფი ეფექტი არ აქვს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს და მის ეკონომიკას საკმაოდ მძიმე შედეგებს მოუტანს.
მისი თქმით, რუსეთი თანდათანობით ხვდება იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სანქციების გამო ძალიან დიდ შემოსავალს კარგავს და რაც მთავარია, ვერ ახერხებს თავისი ძირითადი საექსპორტო ნედლეულის, ნავთობისა და გაზის, წარმოებასაც კი, რადგან მოძიება-მოპოვებისთვის საჭირო ხელსაწყოების მწარმოებლები ევროპული კომპანიები არიან და ძველი, მწყობრიდან გამოსული ხელსაწყოების სანაცვლოდ ახალს ვერ ყიდულობს სანქციების გამო.
"რუსეთის მთავარი საექსპორტო საყრდენი ნავთობი და გაზია. როდესაც კრიზისი შეეხო ისეთ დიდ კომპანიას, როგორიც "როსნეფტია", ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. პირობითად, ეს სანქციები 10 წელი რომ გაგრძელდეს, შესაძლოა, ისეთი შედეგი მიიღოს, როგორიც თავის დროზე საბჭოთა კავშირს ჰქონდა - როცა დასავლური ემბარგოს გამო საგრძნობლად ჩამორჩა დასავლურ ქვეყნებს, რაც შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა," - ამბობს კაკაჩია.
როგორც პოლიტოლოგი ამბობს, რამდენიმე წელი კიდევაა საჭირო, რომ რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას "სანქციების ხელი დაეტყოს".
ეკატერინე ბასილაია
გაზეთი "რეზონანსი"