ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ხიდი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონისთვის.
"ეს პროექტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ფართო გაგებით რეგიონისთვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საქართველოს როლის მაქსიმალურად წარმოჩენაში ამ მიმართულებით და ეს არის დიდი წარმატება, რომელიც არის განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი", - განაცხადა ჯანელიძემ.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში დღეს გაიმართება. ღონისძიებას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.