თბილისის შემოვლითი რკინიგზის საკითხი არ არის არსებითად თბილისის მერიის განსახორციელებელი პროექტი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
„ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კალაძემ აღნიშნა, რომ შემოვლითი რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით პროექტი „საქართველოს რკინიგზამ“ უნდა განახორციელოს.
„შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით არასწორი კომუნიკაცია ხდებოდა. ეს არ არის არსებითად მერიის განსახორციელებლი პროექტი, ეს უნდა განახორციელოს „საქართველოს რკინიგზამ“. ის პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, სერიოზული პრობლემა იყო, თუმცა ამას პროექტსაც ვერ დავარქმევდი. შესაბამისად, გერმანულ კომპანიას დაუკვეთეს პროექტი თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ მოხდება რკინიგზის გადატანა. განისაზღვრა კონკრეტული მარშრუტები თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მომავალი წლიდან დაიწყება აღნიშნული პროექტი. თუ როგორ გამოვიყენებთ აღნიშნულ ფართობს, ეცნობება საზოგადოებას, ეს იქნება რეკრეაციული ზონა, რომელიც ნამდვილად აკლია ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.