ქართველ სტუდენტს, რომელმაც „ნასას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, საქართველოს ხელისუფლებამ კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება გაუგრძელა.
საუბარია 22 წლის გიორგი მჭედლიშვილზე, რომლის მიერ შემუშავებულმა მომავლის თვითმფრინავის მოდელმა „ნასას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრში განაცხადეს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ ეტაპზე დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სწავლის დაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მჭედლიშვილს უკვე აცნობეს.
ქართველი სტუდენტის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმდინარე წლის სექტემბერში გავრცელდა. მაშინ გიორგი მჭედლიშვილის ახლობლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალგაზრდას 4 წელი 13 ათას დოლარს უხდიდა, სწავლების ბოლო წლის დაფინანსებაზე კი უარი უთხრა. მათივე ცნობით, წარმატებულ ქართველ ახალგაზრდას კოლუმბიის უნივერსიტეტი სასწავლო წელს 62 ათასი დოლარით უფინანსებდა. თუმცა, თუ იგი 13 ათას დოლარს ვერ გადაიხდიდა, უნივერსიტეტში სწავლას ვერ გააგრძელებდა.
ამის საპასუხოდ, „ბიზნესპრესნიუსს“ სექტემბერში განათლების საერთაშორისო ცენტრში უთხრეს, რომ მჭედლიშვილი ითხოვდა სწავლების მე-5 წლის დაფინანსებას. მაშინ როცა, სტუდენტებს როგორც წესი უფინანსდებათ საბაკალავრო პროგრამა, რომელიც არის 4 წლიანი და გიორგი მჭედლიშვილს 4 წლიანი სწავლება სრულად ჰქონდა დაფინანსებული.
გიორგი მჭედლიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თანამოაზრე პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად მჭედლიშვილმა სრულიად ახალი ძრავებისა და ფიუზელაჟის მომავლის თვითმფრინავის მოდელი შეიმუშავა, რომელმაც ნასას მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. შედეგად 2017 წლის 26 სექტემბერს გიორგი მჭედლიშვილი და მისი გუნდის წევრები NASA-ს სათავო ცენტრში პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე არიან მიწვეული.