ექვსი ძირითადი ვალუტის მიმართ დოლარის ინდექსი მცირედით შემცირდა

გასულ კვირას დოლარს წლის ყველაზე სწრაფი ერთკვირიანი ზრდა ჰქონდა.

ბუნებრივია, ამის შემდეგ პაუზა იყო მოსალოდნელი და ასეც მოხდა - ორშაბათს ამერიკული ვალუტის კურსი ოდნავ შემცირდა. ამას იწვევს ის გარემოებაც, რომ ინვესტორები სავალუტო გარიგებებში მოგებას აფიქსირებენ და საკუთარ ფინანსებს მორიგი ხელსაყრელი მომენტისთვის ამზადებენ.

ხელსაყრელი მომენტი კი ცენტრალური ბანკების მიერ, საკუთარ ვალუტებზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მომენტში დგება. ყველაზე მთავარი დოლარისთვის ის არის, რომ ამერიკის ეკონომიკამ არსებული ტემპით ზრდა გააგრძელოს, რაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს წევრებს, გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტ სითამამეს მიანიჭებს.

„როიტერის“ სავალუტო ბაზრის სტატისტიკა მოწმობს, რომ ამჟამად სხვადასხვა ვალუტებთან წყვილებში, დოლარის მოკლე პოზიციებზე ჯამში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის გარიგებებია დადებული. ეს კი ბოლო სამი თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, სექტემბერში დოლარზე მოკლე პოზიციების ჯამური მოცულობა თითქმის 16 მილიარდი იყო.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი ძირითადი ვალუტის მიმართ, ამერიკული ვალუტის ჯამურ კურსს წარმოადგენს, დღეს 0.2 პროცენტით, 94.70-მდე შემცირდა. თუმცა ბოლო სამი თვის მაქსიმუმთან (95.150) ახლოს რჩება.

პარასკევს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა პროგნოზულზე სწრაფი ტემპით იზრდება. კერძოდ, მშპ-ს მონაცემებით, მესამე მეოთხედში ეკონომიკის ზრდა 3.0 პროცენტია. ეს უკვე ზედიზედ მეორე კვარტალია, რომელშიც მშპ 3 და მეტი პროცენტით გაიზარდა. მსგავსი რამ კი 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

პარალელურად, ევროს კურსი დოლართან წყვილში 0.20 პროცენტით, 1.1632 დოლარამდე გაიზარდა. ევროს კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ახლანდელ ნულოვან განაკვეთზე ევროპულ ვალუტას დიდი ხნით დატოვებს. პარალელურად, ევროს კურსზე, უარყოფითად მოქმედებს კატალონიასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობა. სხვათა შორის, კატალონიაში დეკემბერში პარლამენტის არჩევნებია და როგორც გამოკითხვები უჩვენებს, ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეები უმრავლესობას ვეღარ მოიპოვებენ.

იენთან წყვილში ამერიკული ვალუტა ასევე ოდნავ შემცირდა. ერთი დოლარი 113.58 იენი ღირს. შედარებისთვის, პარასკევის ფასი 114.45 იენი იყო. იაპონიის ცენტრალურ ბანკში ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, რომლის შემდეგაც, იენზე განაკვეთი ალბათ ისევ მინუს 0.1-ის დონეზე დარჩება. დიდი ალბათობით, ნული პროცენტის დონეზე დარჩება იაპონიის სახელმწიფო 10-წლიანი ობლიგაციის მომგებიანობაც.