თუ ჩვენ ცალმხრივად მოვშლიდით ”სითი პარკთან” ხელშეკრულებას და დავიწყებდით შესაბამის პროცედურებს, დაახლოებით 25 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულება დაგვიდგებოდა.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” საუბრისას განაცხადა. ”სითი პარკთან” დაკავშირებით ჩემი დაპირება იყო, რომ გადავხედავდით ხელშეკრულებას. ”სითი პარკთან” ხელშეკრულება თვალით არავის ჰქონდა ნანახი, რადგან მას ედო საიდუმლო გრიფი. ჩვენ როგორც კი მერიაში მოვედით, მას ავხადეთ საიდუმლო გრიფი და დღესაც თბილისის მერიის ვებ გვერდზე დევს ის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა გააფორმეს. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ ამ ხელშეკრულების გადახედვა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის შესასწავლად, ”კვალიფიციური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია დაიქირავეს. ”კვალიფიციური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია დავიქირავეთ, რომელმაც საკმაოდ ღრმაშინაარსიანი დასკვნა დადო და მათვე გაანგარიშებები გააკეთეს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ცალმხრივად მოვშლიდით ”სითი პარკთან” ხელშეკრულებას და დავიწყებდით შესაბამის პროცედურებს, დაახლოებით 25 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულება დაგვიდგებოდა”, - განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე, კახა კალაძე როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას, ნარმანიამ განაცხადა, რომ შესაძლოა ერთმა კომპანიამ მეორე ჩაანაცვლოს. ”ვერ გეტყვით უმჯობესია მას ჰკითხოთ. შესაძლოა ერთ კომპანიას მეორე ჩაენაცვლოს, ან სხვა ინსტრუმენტები არსებობდეს. რაც უფრო გადის წლები და ”სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების დასრულების ვადას ვუახლოვდებით, მით უფრო ნაკლები იქნება გადასახდელი”, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ”სითი პარკს” გარკვეული სანქციები დაეკისრა, თუმცა მისი გაძევება ვერ მოხერხდა.
”მცდელობა არ დაგვიკლია. რამდენიმე სამუშაო რაუნდი შედგა, მათ შორის ძალიან ცხარე კამათიც ჩემთან, სამუშაო სათათბირო ოთახში, არა მხოლოდ ქართველ მენეჯმენტთან, ორჯერ თუ სამჯერ ისრაელიდან დამფუძნებლებიც ჩამოვიდნენ. მიუხედავად ჩვენი მხრიდან გონივრული წინადადებისა, მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ ყოფილა. პრაქტიკულად ვერაფერზე მოვილაპარაკეთ. თუმცა, სანქციები დავადეთ მათ და გარკვეული დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება ამით ქალაქის ბიუჯეტში მოვახერხეთ. მაგრამ ხელშესახები შედეგი, როგორიცაა კომპანიის გაძევება, ვერ მოვახერხეთ”, - განაცხადა ნარმანიამ.