ეკონომიკური ექსპერტი ლევან კალანდაძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ბანკების მიერ განხორციელებული სპეკულაციური ოპერაციები იყოს.
ამის შესახებ კალანდაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში ლარის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.
”ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის პასუხგაუცემელი კითხვები სპეკულაციებთან დაკავშირებით. ეს არის მესამე ფაქტორი ვალუტის გაუფასურების. ყველას, ვისაც შეუძლია ოპერაციები განახორციელოს, აწყობს ეს. ეროვნული ბანკი თვითონ ვაჭრობას არ ახდენს, ბლუმბერგზე ვაჭრობენ მხოლოდ ბანკები. იმისთვის, რომ სპეკულაციური ოპერაცია განახორციელო, ხელი უნდა მიგიწვდებოდეს ბლუმბერგზე და უნდა გქონდეს ფული. ასეთი ორგანიზაციები არიან ბანკები, რომლებიც ბლუმბერგზე ვაჭრობენ. სპეკულაციური ოპერაციები ცუდს არაფერს წარმოადგენს, არც კანონით არის აკრძალული. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს-ოპერაციები, რომელსაც ყველგან ახორციელებენ, მაგრამ აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც სპეკულაციურ ოპერაციას ახორციელებს, არამედ აქ პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა სპეკულაციურმა ოპერაციამ შესაძლოა კურსის კორექტირება მოახდინოს ქვეყანაში. ეს ოპერაციები ყველგან ხორციელდება, თუმცა ეროვნული ვალუტის კურსზე არ ახდენს გავლენას”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.