საქართველო უკვე მეექვსედ მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში დღეიდან დაიწყო და 4 ნოემბერს, ყვარელში დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური აქტივობით დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და შვიდი ქართული კომერციული ბანკი: „ფინკა ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „ბაზის ბანკი“ და „კრედო ბანკი“.
მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში მონაწილე კომერციული ბანკები განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს: ბანკის ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება ვიდეო მსოფლიო დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოს - "გროვიას" მონაწილეობით. რამდენიმე ბანკი გეგმავს სხვადასხვა პროდუქტზე აქციის გამოცხადებას დაზოგვის წახალისების მიზნით, ასევე, მოხდება ახალი პროდუქტის პრეზენტაციაც. ბანკები უზრუნველყოფენ მედია მხარდაჭერას, სკოლის ასაკის ბავშვებში გაავრცელებენ ფინანსური განათლების თემებზე შექმნილ სხვადასხვა ბეჭდურ მასალასა და ვიდეო რგოლებს. იგეგმება სხვადასხვა კონკურსის ჩატარება და ა. შ.
დაზოგვის თემაზე სოციალურ მედიაში ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 9-დან 13 წლამდე ასაკის 24 გამარჯვებული ბავშვი, რომლებსაც 4 ნოემბერს, ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი და კომერციული ბანკები ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ექსკურსიაზე უმასპინძლებენ. მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში ყვარელში მათთვის გაიმართება თამაში დაზოგვის თემატიკაზე, რომელშიც გამარჯვებულ ექვს ბავშვს კომერციული ბანკები გაუხსნიან დეპოზიტებს, რათა მათ განაგრძონ თანხის დაგროვება საკუთარი მიზნებისთვის. ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მხრიდან.
დამატებით, მოქმედებს დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.
"საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეექვსედ უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, რომლის გამართვა ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა და ფინანსური განათლების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. აღნიშნული ღონისძიების მიზანია ყველა ჩვენთაგანმა კარგად ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება. აუცილებელია, რომ დაზოგვის კულტურისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ მომავალ თაობას, რაც თავის მხრივ, მათი ფინანსური კეთილდღეობისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მსოფლიო დაზოგვის დღე 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და მოსახლეობაში დაზოგვის წახალისებას ემსახურება. გერმანული შემნახველი ბანკები დაახლოებით 90 წელია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით აღნიშნავენ ამ დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ დაარსდა და ის საზოგადოებაში სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეის გავრცელებას ისახავდა მიზნად.
შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს "პასუხისმგებლობიანი დაფინანსება კავკასიაში". პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.