Apple-მა სამსახურიდან დაითხოვა თანამშრომელი, რომლის ქალიშვილმა ინტერნეტში iPhone X-ის ვიდეო გაავრცელა

კომპანია Apple-მა სამსახურიდან გაათავისუფლა ინჟინერი, რომლის ქალიშვილმაც iPhone X-ის ვიდეო სმარტფონის ოფიციალურ გამოსვლამდე გაავრცელა.

ბრუკ ამელია პეტერსონის თქმით, მამამისი iPhone X-ზე მომუშავე ინჟინერი იყო და კომპანიამ წესების დარღვევის გამო გაათავისუფლა. როგორც გოგონა ყვება, ახალი სმარტფონი მან „ეფლის“ ოფისში, მამასთან მისვლისას რამდენიმე წამით ნახა.

„სწორედ ამ რამდენიმე წამში აღმოვაჩინე მისი გადახრილი ეკრანი, კამერის შესაძლებლობები და Animoji-ი, რომელიც მომხმარებლის სახის ამომცნობი და მისი ემოჯიდ გადამქცევი ფუნქციაა“, - ამბობს გოგონა.

ბრუკ ამელია პეტერსონმა კუპერტინოში მდებარე „ეფლის“ ოფისში გადაღებული ვიდეო იქვე, კაფეში მამასთან ლანჩის დროს ინტერნეტში ატვირთა. ვიდეო ინტერნეტ მომხმარებლებმა უმალ აიტაცეს.

სწორედ ეს ფაქტი გახდა გოგონას მამის გათავისუფლების მიზეზი. როგორც კომპანია განმარტავს, „ეფლში“ დასაქმებული ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია კომპანიის მკაცრი შიდაგანაწესის თაობაზე და ამ შემთხვევაში, სწორედ ამ კანონის უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი. მიუხედავად ამისა, ბრუკ ამელია პეტერსონი ვიდეოს ბოლოში ამბობს, რომ პატივს სცემს კომპანიას და მომავალშიც გააგრძელებს მისი პროდუქციის მოხმარებას.

კოკა კვირკველია