„დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება 2018 წლის მესამე კვარტლიდან არის დაგეგმილი“.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ”დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად.
”თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს”, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
”დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება.