ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას ეკონომიკური, პოლიტიკური და გლობალური მნიშვნელობა აქვს , - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. გიორგი გახარიამ აქცენტი გააკეთა პროექტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე.
„ბაქო-თბილისი-ყარსი არის სარკინიგზო კვანძი, რომელიც აკავშირებს ევროპას ჩინეთთან. ეს არის აბრეშუმის გზის ე.წ. „შუალედური მონაკვეთი“ და გარდა იმ პირდაპირი ბენეფიციარებისა, როგორიც არიან აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, ასევე ყველაზე შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარი ყაზახეთი. ამ მონაკვეთის გაშვება ხელს შეუწყობს ევროპასა და შუა აზიას შორის პირდაპირ კავშირს. რა თქმა უნდა, ამას აქვს ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე გლობალური მნიშვნელობა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ რკინიგზის საბოლოო და სრულფასოვანი ამუშავების შემდეგ ეკონომიკური ეფექტი ძალიან მაღალი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე 5 მილიონი ტონა ტვირთი და ერთი მილიონი მგზავრია. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია პროექტის ლოგისტიკის ნაწილი. „ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ლოგისტიკა და ტრანსპორტი ფაქტობრივად, უკვე ჩვენი ქვეყნის ფუნქციაა, სარკინიგზო ბიზნესი და რკინიგზის ეკონომიკა პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლებზე მიბმული და შესაბამისად, ჩვენ სერიოზულ და დიდ იმედებს ვამყარებთ ამ რკინიგზის საბოლოოდ და სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ ეკონომიკურ ეფექტებზე“, -აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დასრულებისა და სრულად ამოქმედების ვადებს, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ამას კიდევ გარკვეული დრო და სამუშაოების ჩატარება დასჭირდება და საბოლოოდ, მზად დაახლოებით ერთ წელიწადში იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უნდა გავითვალისწინოთ ის მკაცრი კლიმატური პირობები, რომელშიც რკინიგზას მოუწევს ფუნქციონირება. ამასთან, ეს არის ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რკინიგზა, რომელიც დაახლოებით 2200 მეტრამდე ადის, შესაბამისად არსებობს ტექნიკური სირთულეებიც. თუმცა, მინისტრის განცხადებით, მთავარი მიზანი იყო ფიზიკურად რკინიგზის გაშვება, რაც ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა და ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს პერიოდში სამივე მხარის ძალისხმევით ყველა ეს ამოცანა იქნება წარმატებით გადაწყვეტილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მაღალი კონკურენციის პირობებში რკინიგზის მუშაობას ეხებოდა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას უკვე უწოდეს „აბრეშუმის გზის შუალედური რკინიგზა“, რაც აბრეშუმის გზის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.
” ეს არ არის მისი ძირითადი ეკონომიკური არსი - „უნდა გავითვალისწინოთ და უნდა შევხედოთ უბრალოდ სავაჭრო ტრაფიკს, ციფრებს თურქეთს და მაგალითად აზერბაიჯანს შორის, ან თუნდაც ყაზახეთს და აზერბაიჯანს შორის. ეს ის პირდაპირი ბაზარია, რომელსაც ეს რკინიგზა მოემსახურება და რომლისთვისაც შესაძლოა, მისი საპროექტო მოცულობა - 5 მილიონი ტონა ტვირთიც შეიძლება არ იყოს საკმარისი. ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ რისკს და არ გვაქვს არანაირი შიშები რკინიგზის დატვირთვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის და ღონისძიების რეჟიმშიც რკინიგზის დატვირთვასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი წინადადება და საკმაოდ მოცულობითი მოთხოვნები გამოიკვეთა. ამიტომ, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს კიდევ ერთი, სამივე მხარისთვის დამატებითი მოტივია იმისთვის, რომ დარჩენილი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დასრულდეს და რკინიგზა სრულფასოვნად ამოქმედდეს.