თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედის ძეგლის და მშვიდობის ხიდის გადატანასთან დაკავშირებით მას საუბარი და კონსულტაციები არავისთან ჰქონია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც ისტორიკოსების ნაწილი მშვიდობის ხიდის და ველოსიპედის ძეგლის აღებას ან გადატანას ითხოვს.
„მე მგონია დღეს უფრო ბევრი საჭირბოროტო საქმე და პროექტებია განსახორციელებელი ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის საცობი და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ეს არის ქალაქის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ. მერე ვნახოთ რა იქნება. ამ კონკრეტულ საკითხზე არავისთან მქონია საუბარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.