ჯეფ ბეზოსი კვლავ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს ინარჩუნებს.„ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის“ თანახმად, ბოლო მონაცემებით, ბეზოსის ქონება 94,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამ მაჩვენებლით, ჯეფ ბეზოსი კვლავ უსწრებს  Microsoft-ის დამფუძნებელს ბილ გეითსს, რომლის ქონება 88,5 მილიარდი დოლარია.

მილიარდერთა ინდექსში დაწინაურება  ბეზოსმა Amazon-ის აქციების ფასის მკვეთრი ზრდის ხარჯზე მოახერხა. ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს, ბეზოსმა კომპანიის გაძვირებული აქციების წყალობით, ბილ გეითსს გადაუსწრო.

ინდექსში მესამე ადგილს Berkshire Hathaway-ს გენერალური დირექტორი უორენ ბაფეტი იკავებს 80,9 მილიარდი დოლარით, ხოლო მეოთხეს - Zara-ს მფლობელი ამანსიო ორტეგა 78,5  მილიარდი დოლარით.