მართვის მოწმობის შეჩერების ახალი მექანიზმი შემოდის

საგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებზე დარიცხული საურავები მცირდება.

პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებზე დარიცხული საურავების შემცირებას ითვალისწინებს.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოქალაქე დადგენილ 30 დღის ვადაში დაკისრებულ საჯარიმო თანხას ვერ იხდის, 100 ლარამდე ჯარიმის შემთხვევაში - მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 100 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. შს სამინისტროს ინიციატივის თანახმად, პირს, რომელიც ჯარიმას არ იხდის, დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შეთხვევაში, მართვის უფლების შეჩერების ახალი მექანიზმი შემოდის. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის დროს, ზოგ შემთხვევაში დაწესებულია – 6 თვით, ხოლო ზოგ შემთხვევაში 1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის, მას ეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო დადგენილ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევში, შეუჩერდება მართვის უფლება 6 თვის ვადით.

შს სამინისტრომ ასევე შეიმუშავა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული მართვის უფლების ადღგენის ახალი ფორმულა. სადღეისოდ, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის მიზეზით შეჩერებული მართვის უფლების დასაბრუნებლად მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საურავი და დამატებით 500-ლარიანი ჯარიმა, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6-თვის ვადით, ხოლო თუკი შეჩერებულია 1 წლის ვადით – საურავთან ერთად 1000 ლარიანი ჯარიმა. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს მართვის მოწმობა დაუბრუნდეს, თუ ჯარიმის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი დაკისრებულ ჯარიმას და საურავის ორმაგ ოდენობას გადაიხდის. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა აღემატება 100 ლარს, მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარი ოდენობის გადახდის (მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის) შემთხვევაში.

გარდა ამისა, შს სამინისტროს ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯარიმის გადახდა სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით ხდება. მოქალაქეები ხშირად ვერ ამჩნევენ ტერმინალების მომსახურებისთვის დაწესებული საკომისიოს არსებობას და სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობის არასრულად ჩარიცხვა. აღნიშნულის საფუძველზე, ჯარიმა გადახდილად არ ითვლება, მათ ეკისრებათ საურავი 500 ლარის ოდენობით და მართვის უფლება 1 წლის ვადით უჩერდებათ. როდესაც მოქალაქისთვის ეს ხდება ცნობილი, ის მიმართავს საპატრულო პოლიციას საურავისა და მართვის უფლების შეჩერების გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

შსს-ს ინიციატივის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში, სამართალდამრღვევს მიეცემა შესაძლებლობა, გადაიხადოს საბანკო დაწესებულებისა თუ ელექტრონული გადახდის საშუალებით მომსახურებისთვის დადგენილი საფასური (1-დან 3 ლარამდე) და აღნიშნულის შესახებ მიმართოს საპატრულო პოლიციას დარიცხული საურავის გაუქმებისა და მართვის უფლების აღდგენის შესახებ.