2016 წელს ევროკავშირის მოსახლეობის 23,4% -117,5 მილიონი ადამიანი სიღარიბის ან სოციალური იზოლაციის ზღვარზე იმყოფებოდა.
მსგავსი პირების რიცხვის შემცირება სტრატეგია „ევროპა 2020“-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
2009 -2012 წლებში ასეთი პირების რიცხვი იზრდებოდა და 25%-ს მიაღწია, შემდეგ კი კლება დაიწყო და, შარშანდელი მაჩვენებლებით, 23,4%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელთან შედარებით სიღარიბის ან სოციალური იზოლაციის ზღვარზე მყოფი პირების რიცხვი მხოლოდ 0,1%-ით გაიზარდა.
2016 წელს სიღარიბის ან სოციალური იზოლაციის ზღვარზე მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი მხოლოდ სამ ქვეყანაში - ბულგარეთში (40,4%), რუმინეთში (38,8%) და საბერძნეთში (35,6%) იმყოფებოდა. რეიტინგის მეორე ბოლოში ჩეხეთი (13,3%), ფინეთი (16,6%), დანია (16,7%) და ნიდერლანდები (16,8%) აღმოჩნდნენ.
2008 წელთან შედარებით, სიტუაცია ათ ქვეყანაში გაუარესდა. ყველაზე დიდი, 7,5%-იანი ვარდნა საბერძნეთმა განიცადა. მას მოჰყვებიან კვიპროსი (4,4%), ესპანეთი (4,1%) და შვედეთი (3,4%). რაც შეეხება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას, ყველაზე კარგი ტენდენცია პოლონეთში (8,6%), ლატვიაში (5,7%) და რუმინეთში (5,4%) დაფიქსირდა.
ზოგადად, ევროკავშირის მასშტაბით, 2008 წელთან შედარებით სიღარიბის ან სოციალური იზოლაციის ზღვარზე მყოფი პირების წილი 0,3%-ით შემცირდა.