საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 31 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე სს „ხრამჰესი 1“-სთვის და სს „ხრამჰესი 2“-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის შესახებ იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარაგულირებელი კომისია ავრცელებს.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „ხრამჰესი 1“-სთვის დადგენილი ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:
2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 9.781 თეთრი/კვტსთ;
2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 9.147 თეთრი/კვტსთ;
2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 2.300 თეთრი/კვტსთ.
სს „ხრამჰესი 2“-სთვის დადგენილი ტარიფია:
2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 11.248 თეთრი/კვტსთ;
2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 10.614 თეთრი/კვტსთ;
2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 3.767 თეთრი/კვტსთ;
2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 3.500 თეთრი/კვტსთ.
მიმდინარე წლის 13 ივნისს სს „ხრამჰესი 1“-მა და სს „ხრამჰესი 2“-მა კომისიაში წარმოადგინეს სატარიფო განაცხადები ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მოთხოვნით. მიმდინარე წლის 30 ივნისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები აღნიშნულ საკითხებზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად. კომისიაში, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 ივლისი, ხოლო აქტების - კომისიის დადგენილებების გამოცემის ბოლო ვადად - 2017 წლის 19 ნოემბერი.
სს „ხრამჰესი 1“-სა და სს „ხრამჰესი 2“-ის ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილების მე-17 მუხლი. 2011 წელს დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სს „ხრამჰესი 1“-სა და სს „ხრამჰესი 2“-სთვის დადგენილი იქნა გრძელვადიანი ტარიფები 2025 წლამდე.